საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეხმიანება და ამბობს, რომ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებები საფრთხეს უქმნის საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას.
საიას შეფასებით, ამ საკანონმდებლო გაუარესებების ფონზე, აუცილებლობის დასაბუთების გარეშე, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციის უგულებელყოფით - არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე,ქართული ოცნების წევრების მიერ ინიცირებული ცვლილებები მორიგ ნაბიჯს წარმოადგენს არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების გაუარესებისკენ.
„წარმოდგენილი ცვლილება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში de facto გამორიცხავს ოპოზიციის ჩართულობას და მეტად ამძაფრებს ეჭვს საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის არაკეთილსინდისიერ გავლენებთან დაკავშირებით.
ცვლილება კიდევ უფრო ამცირებს საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნდობას საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ“, - აცხადებენ საიაში.
„ქართულმა ოცნებამ“ დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლითაც ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი უქმდება.