ირეცხება ოპოზიციური პოლიტიკური ელიტა და ახალი იბადება - ჯერ შეიძლება ვერ ხედავთ, მაგრამ აუცილებლად დაინახავთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილის სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე ლიდერშიფის კრიზისი თვალსაჩინოა, მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ ქართული ოპოზიცია, ქართული ოპოზიციური ამომრჩევლის ნებას არ გამოხატავს.
„თვალსაჩინო და თვალსაჩინოზე მეტია ლიდერშიფის კრიზისი ოპოზიციურ ფლანგზე - ყვირის ლიდერშიფის კრიზისი, ღრიალებს.
ბევრი პატრიოტი წუხს ამაზე.
სინამდვილეში, ეს ძალიან ჯანსაღი პროცესია.
ხალხი რეცხავს ძალმომრეობით შექმნილ ოპოზიციას.
ირეცხება ოპოზიციური პოლიტიკური ელიტა და ახალი იბადება - ჯერ შეიძლება ვერ ხედავთ, მაგრამ აუცილებლად დაინახავთ.
რასაკვირველია ჯობდა ჩასარეცხი არაფერი გამხდარიყო და უკვე არსებობდეს პოლიტიკური ელიტა, რომელსაც ხალხი ენდობა, მაგრამ გასულმა წლებმა ეს შეუძლებლად აქცია და ყველაზე კარგი, რაც არსებულ ვითარებაში შეიძლება მომხდარიყო სწორედ ესაა - ქვემოდან ზემოთ ამოხეთქილი ენერგიით, მოგონილი, ეგომანიაკალური ელიტის ჩარეცხვა და ხალხის ინტერესების მსახური ელიტის გაჩენა.
ახლა რაც შეეხება მიზეზებს - კანონზომიერია რომ ოპოზიციურ ფლანგზე ლიდერშიფის კრიზისია.
ამის მიზეზი ისაა, რომ უკვე მრავალი წელია, ქართული ოპოზიცია, ქართული ოპოზიციური ამომრჩევლის ნებას არ გამოხატავს და ვისაც წამყვანი როლი აქვს, ეს როლი ხელოვნურად, ზემოდან ქვემოთ, ტელემედიამანიპულაციით და ტელემედიშანტაჟით აქვს მოპოვებული.
ჩემი ჯიჰადი მიხეილ სააკაშვილის, დავით კეზერაშვილის და მათი ტელემედიების, მათი ვეზირების და სეფექალების წინააღმდეგ სწორედ ამას უკავშირდებოდა, უკავშირდება და დაუკავშირდება - სანამ ბოლომდე არ ჩაირეცხება ის მავნე პრაქტიკა რაც თავისუფალ კონკურენციას ზღუდავს, ქართველ ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანის შანსს ართმევს. ის უსაზიზღრესი პრაქტიკა, რაც ტელემედია ყეყეჩებს ნორმალიზებული აქვთ (და პატივს არ გვცემს ჩერგოლეიშვილიო - უკვირთ).
ძალიან იოლი დასანახი იყო ოდნავ გონიერი და პატიოსანი ადამიანისთვის, თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვა, ოპოზიციური ამომრჩევლისთვის ნების წართმევა - თავად გადაწყვიტოს ოპოზიციური ფლანგიდან ვისი კრიტიკოსი მოსწონს და ვისი კრიტიკოსი -არა, ასე დასრულდებოდა.
„ვინც მე დამიპირისპირდება, განულდება“ - მიხეილ სააკაშვილის ამ ძალმომრეობამ განაპირობა ის, რომ ამ სტანდარტის ნორმალიზაცია მოხდა, ოპოზიციურმა ტელემედიამ მთლიანად შეწყვიტა ოპოზიციური ამომრჩევლის სამსახური და ბელადის ნაკარნახევი მანიპულაციებით შეუდგა სოციალურ/პოლიტიკურ ინჟინერიას და ბელადის მორჩილი ლიდერების გამოძერწვას - რაც ასეთი კრახით დასრულდა ოპოზიციისთვის.
ახლა რა პროცესიც დაიძრა, ესაა ჯანსაღი პროცესი და ამ პროცესმა უნდა შვას რეალური ლიდერები.
რაც მალე შეეგუება ტელემედია ახალ რეალობას, დაემშვიდობება მანკიერ პრაქტიკას, შეწყვეტს საკუთარი პატრონის/დონორის და ეგოს სამსახურს და საჯარო ინტერესების სამსახურში ჩადგება, მით მეტად დაიზოგებიან იქ ჩაბუდებული მურკები, დიდი ჩარეცხვა რომ დაიწყება.
არ გიშველით კაპიტოლიუმში ალაპარაკებული ვენერა მეშველიანის ბლოკვა, იმიტომ რომ "ჩერგომ გააკეთა და ჩერგო თქვენ პატივს არ გცემთ" - დაივიწყეთ ეგოები, გაიხსენეთ საჯარო ინტერესები და გახსოვდეთ, რომ რამდენიც არ უნდა მბლოკოთ, მაინც არ გცემთ პატივს და მაინც გადაგჯეგავთ“, - წერს ჩერგოლეიშვილი.