რესპუბლიკელი სენატორი და შეერთებული შტატების სენატში უმცირესობის ლიდერი, მიტჩ მაკკონელი საქართველოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და ქართველ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.
როგორც „ამერიკის ხმა“ იუწყება, მან „ქართულ ოცნება“ „მოსკოვისთვის ხელსაყრელ პარტიად“ მოიხსენია და ხელისუფლებას „აგენტების კანონის“ გაწვევისკენ მოუწოდა.
მაკკონელის თქმით, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის სწრაფვა ძალაუფლებისკენ ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას განადგურებით ემუქრება და მის დემოკრატიულ ფუნდამენტს არყევს.
„მთავრობაზე კონტროლის განმტკიცების მიზნით, პარტია „ქართული ოცნება” მზად არის მოაშთოს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები.
მიუხედავად იმისა, რომ [საქართველოში] საკმაოდ დიდი პოლიტიკური ოპოზიციაა, ის საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ, ქრონიკულად დაყოფილია. პარტიული ლიდერების უსუსურობის მიუხედავად, ათასობით ქართველი ქუჩებში გამოვიდა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. სრულიად აშკარაა მათი თვითგამორკვევისა და რუსეთის გავლენისგან გათავისუფლების სურვილი. გამოკითხვებში ხუთიდან ოთხი ქართველი ამბობს, რომ მათ მკაფიოდ ევროპული მომავალი სურთ...
აშშ-სთვის მნიშვნელოვანია ის, თუ საით აიღებს კურსს საქართველო - აღმოსავლეთით, თუ დასავლეთის მიმართულებით. ჩვენივე ინტერესებშია, დავდგეთ იმ თავისუფალი ადამიანების გვერდში, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ისეთი ტირანების აგრესიას, როგორიცაა პუტინი და სი ძინპინი... ქართველი ხალხი იმსახურებს, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი და არა იმის მიხედვით, თუ რას უკარნახებენ მათ მოსკოვისთვის ხელსაყრელი პარტიის ხელმძღვანელები“, - აღნიშნა მაკკონელმა.