ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ვენეციის კომისიის წევრი: „ქართულ ოცნებას" დასკვნაზე კომენტარები ვთხოვეთ, მაგრამ არ გვიპასუხეს

კომისიის დასკვნის საბოლოო ვერსია გაეგზავნა [საქართველოს] მთავრობას კომენტარისთვის და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მთავრობას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია , - ამის შესახებ ვენეციის კომისიის წევრმა ამერიკიდან, დევიდ ქეიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა.
დევიდ ქეის განცხადებით, დასკვნის საბოლოო ვერსიის მომზადებამდე ვენეციის კომისიის სამდივნომ მოაწყო საუბრების სერია საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

„ვენეციის კომისიაში 60-ზე მეტი ქვეყანა და მათი წარმომადგენელი შედის. ყოველ მათგანს თავისი ქვეყანა ნიშნავს და შემდეგ ისინი ასეთი ტიპის განხილვებსა და რეკომენდაციებში იღებენ მონაწილეობას. როგორც ორგანიზაცია, ჩვენ ძალიან მგრძნობიარენი ვართ ქვეყნების საჭიროებებისადმი, რომ მათ ჰქონდეთ მიზეზები კონკრეტული კანონის მისაღებად და რომ არსებობდეს დიალოგი ამ მიმართულებით..

რაც შეეხება ამ კონკრეტულ დასკვნას [საქართველოსთან მიმართებაში]- ვენეციის კომისიას აქვს სამდივნო, რომელიც ორგანიზებას უწევს მოლაპარაკებებს. მან მოაწყო საუბრების სერია [საქართველოს] მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვებთან. ასე რომ, ჩვენ გვქონდა ძალიან მტკიცე საუბრები საქართველოში შესაბამის აქტორებთან.

როგორც კი მოსაზრება შემუშავდა, საბოლოო ვერსია გაეგზავნა [საქართველოს] მთავრობას კომენტარისთვის და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მთავრობას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. ვფიქრობ, მათმა საჯარო განცხადებებმაც ამაზე მიუთითა. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას რომ ჰქონოდა კომენტარები, რომლებიც სპეციფიკური იქნებოდა და რომელთა გათვალისწინებაც ვენეციის კომისიას შეეძლებოდა, ასეც ვიზამდით. მაგრამ, მათ არანაირი კომენტარი არ გამოუგზავნიათ”, - განაცხადა დევიდ ქეიმ.

დევიდ ქეის განცხადებით, ვენეციის კომისიამ დასკვნა მხოლოდ მას შემდეგ გამოაქვეყნა, როდესაც მთავრობამ დასკვნის შეფასებაზე უარი თქვა.

„პროცესი ასეთია - ჯერ ხდება დასკვნის პირველი ვერსიის დაწერა, შემდეგ მას ეთანხმება ყველა, ვინც საჭიროა, რომ დაჩქარებული მოსაზრების დროს მას დაეთანხმოს კომისიაში. ეს უფრო სწრაფი პროცესია, ვიდრე სხვა ტიპის დასკვნების გამოქვეყნებისას. როდესაც პირველმა ვერსიამ ყველა საჭირო პროცესი გაიარა ვენეციის კომისიაში, ის გადაეგზავნა [საქართველოს] მთავრობას და მათ დაუსვეს კითხვა - სურდათ თუ არა რაიმე კომენტარის გაკეთება?

ეს არ არის ძალიან დიდი დასკვნა, ამიტომ მასზე პასუხს დიდი დრო არ უნდა დასჭირვებოდა. ჩემი ინფორმაციით, ისინი ["ქართული ოცნება"] არ გამოგვეხმაურნენ, ან გვითხრეს, რომ არ ჰქონდათ კომენტარები. მათ ერთი სრული დღე ჰქონდათ საპასუხოდ, მაგრამ არჩიეს, ასე არ მოქცეულიყვნენ. ასე რომ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მთავრობას ჰქონდა შანსი რომ ეპასუხა და ამაზე უარი თქვა, ჩვენ გამოვაქვეყნეთ დასკვნა“, - განაცხადა დევით ქეიმ.

მისივე განმარტებით, შეუძლებელი იყო კომისიას უბრალოდ კანონრპოექტის „გადაკეთების“ რეკომენდაცია გაეცა, რადგან „ყველა დებულებას თავისი ღრმა, მძიმე პრობლემა გააჩნია“.

„მთავარი რეკომენდაციაა კანონის უკან გაწვევა. როგორც იცით, [შეფასების] პროცესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობდა. სხვა ეტაპზე რომ ვყოფილიყავით, გავცემდით რეკომენდაციას, რომ არ მიეღოთ კანონი, მაგრამ კანონი, როგორც იცით, ამ ფაზას უკვე გასცდა. ასე რომ, ახლა მთავარი თხოვნაა, კანონის უკან გაწვევა.

[კომისიის დასკვნა] კანონის იმ ელემენტებსაც განიხილავს, რომლებიც უკვე გარკვეულწილად იმ გზას ადგანან, რომ საქართველოს კანონმდებლობის ნაწილი გახდნენ და განმარტავს, რატომ არის თითოეული ეს ელემენტი, თითოეული დებულება, პრობლემური ადამიანის უფლებათა კანონმდებლობით“, - განაცხადა დევიდ ქეიმ.