ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ვერონიკა ვილკოვა: ​ვენეციის კომისიამ დასკვნა გამოქვეყნებამდე „ოცნებას“ გაუგზავნა - მთავრობისგან არცერთი შენიშვნა არ მიგვიღია

ვენეციის კომისიის წარმომადგენელი, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, ვერონიკა ვილკოვა, რომელიც ერთ-ერთია იმ ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის, რომელიც ამ კანონპროექტზე მუშაობდა „პირველებთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ვენეციის კომისიის მიერ დასკვნის გამოქვეყნებამდე დოკუმენტი საქართველოს მთავრობას გადაეგზავნა და მათ კომისიის მისამართით არც ერთი შენიშნვნა არ ჰქონიათ „ფაქტობრივი უზუსტობების შესახებ".

მისი თქმით, გაუგებარია, რა არის არასწორი ან არაზუსტი კომისიის დასკვნაში.

„ჩვეული სტანდარტია. როცა ვენეციის კომისია დასკვნას მოამზადებს, მის გამოქვეყნებამდე ეროვნულ მთავრობას უგზავნის. იმის დასადგენად, არის თუ არა რაიმე არასწორი. შეცდომას ვერ დავარქმევ, უფრო უზუსტობების გამოსწორებას ემსახურება. ახლაც ასე მოხდა, მაგრამ ჩვენ არ მიგვიღია რაიმე კომენტარი საქართველოს ხელისუფლებისგან ფაქტობრივი უზუსტობების შესახებ. რთულია რაიმე ითქვას მტკიცებაზე, რომ თითქოს დოკუმენტი არასწორ ინფორმაციას შეიცავს, რადგან თუ ასეთი რამ ითქვა, ჩემთვის უცნობია, რა არის არასწორი ან არაზუსტი", - ამბობს ვილკოვა.

ვენეციის კომისიამ „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა და მკაცრად მოუწოდა ოცნებას, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით.

კომისიამ ხაზს გაუსვა იმას, რომ არსებული ფორმის ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს თავისუფალი გაერთიანებებისთვის, ასევე გამოხატვის თავისუფლებისთვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისთვის და სამოქალაქო საქმიანობაში მონაწილეობისთვის.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეს გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

პასუხად „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ გულდასაწყვეტია, რადგან ვენეციის კომისიის პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად, ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა, რაც ისევე და ისევ ვენეციის კომისიის რეპუტაციას აზიანებს.