ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ვარჰეი კობახიძის განცხადებაზე: ვწუხვარ, რომ ჩემი საუბრის ნაწილი მთლიანად ამოგლეჯილია კონტექსტიდან

უნგრელი ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს ის ესაუბრა და ამბობს, რომ მისი საუბრის ნაწილი კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. მის განცხადებას ევროკომისია ავრცელებს. 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი მწუხარება, რომ ჩვენი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდანაა ამოღებული. როგორც სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მომუშავე კომისარი, მე რეგულარულ კონტაქტზე ვარ ჩემი პორტფელის ქვეყნების მთავრობებთან, რადგან საკომუნიკაციო არხები ყოველთვის ღია უნდა იყოს პირდაპირი პოლიტიკური გაცვლებისთვის.

საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ სიტუაციაში, მე დიდ ძალისხმევას ვდებდი, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლება დამერწმუნებინა არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენების" შესახებ, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს გზას ევროკავშირში. 

რადგან კარგად მაქვს გაცნობიერებული საქართველოს საზოგადოების ძალიან ძლიერი პრო-ევროპული სენტიმენტები, სატელეფონო საუბრისას საჭიროდ ჩავთვალე პრემიერს ყურადღება მიექცია საჭიროებაზე, რომ ამ კანონის მიღებით, არ უნდა გამწვავდეს ისედაც მერყევი სიტუაცია, რასაც შეუძლია გამოიწვიოს უფრო ღრმა პოლარიზაცია და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო ვითარება სიტუაცია. ამასთან დაკავშირებით, მაგალითად მოვიყვანე უკანასკნელი ტრაგიკული გამოცდილება სლოვაკეთში, როგორც მაგალითი თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ საზოგადოებაში, თუნდაც ევროპაში.

კიდევ ერთხელ, ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არამხოლოდ მთლიანად იქნა ამოღებული კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებისთვის იყო წარმოდგენილი ისე, რომ მას შეეძლო ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრულიად არასწორი ინტერპრეტაცია გამოეწვია. 

მე კვლავ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი. მე ამას ვთხოვ, როგორც საქართველოს კარგად ნაცნობი და პატივსაცემი მეგობარი.  მე კვლავ ვაგრძელებ საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ გზაზე“, - წერია ვარჰეის განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც მისი მტკიცებით, ერთ-ერთმა ევროკომისარმა მასთან სატელეფონო საუბარში ახსენა - „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“