არ მგონია აშშ, დასავლეთი ასეთ გადაწყვეტილებაზე [სანქციებზე] წავიდეს, რადგან ის ამ გადაწყვეტილებით დააზიანებს საკუთარ რეპუტაციას, არ შეიძლება საკანონმდებლო ორგანოში მიღებული კანონისთვის კანონმდებლები დაასანქცირო,- ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს ენტონი ბლინკენის განცხადების შეფასებისას თქვა.
მისივე თქმით, 28 მაისს პარლამენტი „ქართულ კანონზე დადებულ არაქართულ ვეტოს მოხსნის და კანონი შევა ძალაში“.
„საქართველოში სამშობლოს სიყვარულისთვის და სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის დეპუტატები და მისი ოჯახის წევრები უნდა დასანქცირდნენ.
არ ველოდები, რომ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ თუ არჩევანი მაინც დადგა სამშობლოს სუვერენიტეტის გაძლიერებასა და ავიაბილეთებს და ვიზებს შორის, რა თქმა უნდა, არჩევანი იქნება სამშობლოს სასარგებლოდ.
პასუხი საქართველოში ასეთ მიდგომაზე უკვე არსებობს. მეც ეს პასუხი მექნება: „არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა”, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
როგორც სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს.