ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.
ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერონიკა ბილკოვამ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არ შეესაბამება ,,აგენტების შესახებ" კანონი საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.
,,ვენეციის კომისია ასკვნის, რომ ეს კანონი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს რამდენიმე მიზეზით, რომელთაგან გამოვარჩევ ოთხს: 1. კანონის ენა არის ბუნდოვანი და ის ანიჭებს გადამეტებულ დისკრეციულ უფლებებს იუსტიციის სამინისტროს და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს. ეს კი ეწინააღმდეგება კანონიერების მოთხოვნებს, რომელთა მიხედვით კანონის ენა უნდა იყოს მკაფიო და დისკრეცია უნდა იყოს შეზღუდული. 2. კანონი გულისხმობს, რომ ნებისმიერი უცხოური დაფინანსება, რაც არ უნდა შეზღუდული და გამჭვირვალე იყოს ის, შეიცავს უცხოურ გავლენას, რამაც შესაძლოა შექმნას უნდობლობის ატმოსფერო საზოგადოებაში და ასევე ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის საწინააღმდეგო პრინციპებს. 3. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა უკვე შეიცავს დებულებებს, რომლებიც ორგანიზაციებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ სახელმწიფოს ანგარიში დაფინანსების წყაროების შესახებ, კანონპროექტში არ არის მოცემული დამაჯერებელი განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ იქნება არასაკმარისი არსებული ვალდებულებები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. 4. თავად ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ არის სტიგმა, რომელიც ამ ორგანიზაციების რეპუტაციას ემუქრება", - განაცხადა ბილკოვამ.