იურისტი საბა ბრაჭველი პოლიციას და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს მიმართავს და ურჩევს, საკუთარ მომავალზე დაფიქრდნენ.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ეს ქვეყანა გარუსების რეალური საფრთხის წინაშე დგას, ამიტომ ხუმრობების დრო დასრულდა.
„ეს პოსტი ეძღვნებათ პოლიციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს.
მეგობრებო, სენატში ინიცირებული სანქციების კანონპროექტში თქვენი სამსახურები სახელდებით არის მოხსენიებული. პარლამენტისა და მთავრობის წევრების გარდა, სწორედ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების დასანქცირებას ითვალისწინებს ეს პროექტი. თუ გაიგეთ ამის შესახებ? და თქვენი აზრით, ვის ინფორმაციას დაეყრდნობა სენატი სანქცირების სიის შედგენისას?
თქვენ გვცემდით, ბოლო კვირები, თვეებიც. პლაკატებს აკრავდით, ეხმარებოდით ხალხის დაშინებაში, ლაიქების მოგროვებაში, ყველაფერში, რასაც გეტყოდნენ. ჩვენ ხელს არ გიბრუნებდით. ჩვენი პასუხი ძალადობა არ იქნება. ჩვენი პასუხი იქნება ის, რომ თუ თქვენ კვლავ გააგრძელებთ ამ ქვეყნის რუსულ კუბოდ გადაქცევაში მონაწილეობას, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენივე გათხრილ სამარეში მოგიწევთ ცხოვრება თქვენც და თქვენს ოჯახებსაც. ვეღარ გაიქცევით.
სიაში პირობითი ირაკლი ღარიბაშვილის შეტანაზე სენატორები შეიძლება ორჯერ დაფიქრდნენ. თქვენზე არავინ დაფიქრდება. იქნებით სანქცირებული ინდივიდი N1037 და ამით დასრულდება ყველა თქვენი გეგმა ბ. პარლამენტარებს და თქვენს უფროსებს აქვთ ფული, მიხედავენ თავს. თქვენ რას აპირებთ?
მეგობრებო, არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები. ნუღარ დაეხმარებით უკანონობაში, თორემ გამჭვირვალობა და დანაშაულების სააშკარაოზე გამოტანა სინამდვილეში ზუსტადაც ჩვენი, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მთავარი იარაღია. უბრალოდ, ამჯერად ეს ნოდარ მელაძის გადაცემაზე ბევრად, ბევრად უფრო მტკივნეული ფორმით განხორციელდება.
მეგობრებო, ეს ქვეყანა გარუსების რეალური საფრთხის წინაშე დგას, ამიტომ ხუმრობების დრო დასრულდა. დაფიქრდით საკუთარ მომავალზე“, - წერს ბრაჭველი.