ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კახა კალაძე: აშშ-ის მიერ მოსალოდნელი სანქციების მიუხედავად, ვეტოს აუცილებლად დავძლევთ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აშშ-ის მიერ მოსალოდნელი სანქციების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ,,აგენტების შესახებ" კანონზე ვეტოს დაძლევს.

კალაძის თქმით, საუბარია ქვეყნის ინტერესებსა და სუვერენიტეტზე.

„წარმოუდგენელია, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატები აწესებს სანქციებს იმის გამო, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი იღებს კანონს გამჭვირვალობის შესახებ. ასეთი ქმედებები წარმოუდგენელია, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ. რადგან აქ საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, სუვერენიტეტზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, ჰელსინკის კომისიის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე, ხომ არ არის ეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა მათი მხრიდან, კახა კალაძე პასუხობს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ბოლო დროს არსებულ ურთიერთობებს გადატვირთვა სჭირდება.

„ბოლო წლებში ჩვენ ამ ტიპის არაერთი განცხადება მოგვისმენია. ჩვენ მხოლოდ მეგობრობას, პარტნიორობას და ჯანსაღ ურთიერთობებს მივესალმებით. მაგრამ ახლა რაც ხდება, ამ ყველაფრის საპირისპიროა. ეს ქმედებები არც მეგობრობაა და არც პარტნიორობა. რასაც აკეთებენ ახლა ამ სანქციების სახით, გამოდის, რომ ჩვენ მათი მეგობრები კი არა, მტრები ვართ. ვფიქრობ, ბოლო დროს არსებულ ურთიერთობებს გადატვირთვა სჭირდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

ჰელსინკის კომისია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისთვის წარდგენილ MEGOBARI Act-ისა და მისი ძირითადი დებულებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.