ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება

აშშ-ის ჰელსინკის კომისია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ აშშ-ის კონგრესში 4 ივნისს მოსმენა გაიმართება. 

ჰელსინკის კომისიის შეფასებით, „აგენტების კანონის“ მიღება მმართველი პარტიის აშკარა ანტიდასავლურ ნაბიჯს ასახავს. „ქართული ოცნების" ხელისუფლება მოსახლეობას, მათი ნების საწინააღმდეგოდ, მოსკოვისკენ მიათრევს და მზადაა დიდი ზიანი მიაყენოს ქვეყანას.

„რუსული სტილის „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ამჟამინდელი მიღება მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობის აშკარა ანტიდასავლურ ნაბიჯს და მის რუსეთთან, ისევე როგორც სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიც ჩინეთია, იმავდროულ დაახლოებას ასახავს. სამი ათწლეულის განმავლობაში არსებული პროდასავლური, დემოკრატიული და ევროატლანტიკური სტრატეგიული პროგრამის შემდეგ, ამ და კრემლის მიერ შთაგონებული სხვა კანონების მიღებით საქართველოს მთავრობა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური არჩევანის მიმართ ნდობას აშკარად და უხეშად არღვევს. „ქართული ოცნების“ მთავრობის ამ სტრატეგიულმა ვექტორის ცვლილებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე კვირის განმავლობაში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია და იგი ქვეყანაში უკვე არსებულ მყიფე პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას არყევს“, - ნათქვამია განცხადებაში

ჰელსინკის კომისიის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერის ფარგლებში, მოსმენაში მონაწილეობას „ღია საზოგადოების ფონდის" ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ივანე ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი და „ჩეთემ ჰაუსის" უფროსი მკვლევარი ნატალი საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი და „რენდის კორპორაციის" უფროსი მკვლევარი, უილიამ კორტნი მიიღებენ. ისინი საქართველოში განვითარებული მოვლენების, საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტზე მისი გავლენისა და აშშ-ის შესაძლო პოლიტიკური პასუხების შესახებ იმსჯელებენ.