ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კამალა ჰარისი: „აგენტების კანონის“ მიღებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს დემოკრატიას და ძირი გამოუთხაროს საქართველოს ურთიერთობას აშშ-სთან და ევროპასთან

პრეზიდენტი ბაიდენი და მე დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. პარლამენტის მიერ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს დემოკრატიას და ძირი გამოუთხაროს საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მიერ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ წერილშია აღნიშნული. წერილის თარგმანს საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

როგორც კამალა ჰარისი აღნიშნავს, ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება ზურაბიშვილის ბოლოდროინდელ ქმედებებს.

„შეერთებული შტატები სამ ათწლეულზე მეტია მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. 2008 წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ, შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცედ გრძელდება. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს, საერთო ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემას. ჩვენ მხარდამხარ ვიბრძოდით ავღანეთში და შეერთებული შტატები არის საქართველოსთვის საგარეო დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელი, რათა ხელი შეუწყოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის აშენებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და თქვენი სამხედრო ძალების მოდერნიზებას.

ქართველი ხალხი ნათლად აცხადებს, რომ მას სურს მომავალი ევროკავშირსა და ნატო-ში. მათ მიაჩნიათ, რომ უცხოური აგენტების კანონპროექტი ამ მომავალს საფრთხეს უქმნის და ამიტომ მკაცრად ეწინააღმდეგებიან მას. მათ აქვთ სრული უფლება მიისწრაფოდნენ ამ მომავლისკენ და ძალა არ უნდა იყოს გამოყენებული მათი მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ხელშესაშლელად.

ჩვენ ვაფასებთ თქვენს ლიდერობასა და ძალისხმევას, დაიცვათ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. თქვენს ძალისხმევას კვლავ ექნება არსებითი მნიშვნელობა, რადგან ქართველ ხალხს თქვენი იმედი აქვს, რომ დაიცავთ დემოკრატიასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. შეერთებული შტატები თქვენი და ყველა ქართველის გვერდით დგას უკეთესი მომავლისკენ სწრაფვაში“, - აღნიშნულია წერილში.