ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე, სადაც საქართველოს საკითხიც განიხილეს, სიტყვით რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა. მათ „აგენტების კანონის“ მიღების შემთხვევაში, საქართველოსთვის შესაძლო საპასუხო ზომები განიხილეს.
როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, სიტყვით გამოსვლისას გაფართოების საკითხებში, ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ „აგენტების კანონი" არღვევს საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ მიცემული სამ დათქმას და არ შეესაბამება კოპენჰაგენის კრიტერიუმებს.
კოპენჰაგენის კრიტერიუმები:
პოლიტიკური - „იმ ინსტიტუტების სტაბილურობა, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას”.
ეკონომიკური - „ფუნქციური საბაზრო ეკონომიკა და იმის უნარი, რომ გაუმკლავდეს კონკურენციის წნეხსა და საბაზრო ძალებს ევროკავშირის შიგნით”.
წევრობით ნაკისრ ვალდებულებებთან გამკლავების უნარი - „მათ შორის, იმ წესების, სტანდარტებისა და პოლიტიკის გატარება, რომელთაგანაც შედგება ევროპული კანონმდებლობა”.
ასევე „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მთავრობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ უნდა დაიწყოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები და ასევე შედგეს მთავრობათაშორისი კონფერენცია (Intergovernmental conferences IGC), რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის ფორმალურ პროცედურას.