პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დავით-გარეჯის ორი სცენარის განმეორებას აპირებს.
როგორც აქუბარდიამ TV24 - თან ინტერვიუში განაცხადა, ხელისუფლება არჩევნების მოგების მიზნით, საკუთარი ხალხის მოტყუებას აპირებს.
„ის, რომ ქართული ოცნება აპირებს დავით - გარეჯის ორის სცენარის განმეორებას, საკუთარი მოქალაქეებისა და ხალხის მოტყუებას არჩევნებში მოგების მიზნით, ეს დიდი ხანია ჩანს ერთის მხრივ განცხადებებში, რომ ისინი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უზრუნველყოფენ ე.წ. პრაგმატული პოლიტიკით რუსეთთან, რომელთანაც არაფერი არ არის პრაგმატული, გარდა იმისა, რომ მთლიანად აბარებენ ქვეყანას რუსეთს და მეორეს მხრივ, მათ შორის იმით, რომ ხდება სრულიად იზოლაცია დასავლური, ცივილიზებული სამყაროს მხრიდან“, - განაცხადა აქუბარდიამ.
მისივე თქმით, დაახლოებით რამდენიმე თვის წინ, უკვე დაიტესტა საინფორმაციო სივრცეში ე.წ. კონფედერაციის იდეა, რომელიც რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა დატესტა, როდესაც ბატონ ვოლსკისთან ჰქონდა მას არაფორმალური შეხვედრა.
„მე ვფიქრობ, რომ ეს სცენარი გათამაშდება უფრო სექტემბრისკენ, უფრო ახლოს არჩევნებთან და ეს იქნება კიდევ ერთი რუსული ჰიბრიდული ომის გამოხატულება და კიდევ ერთი მცდელობა, რომ საკუთარი ხალხი მწარედ მოგვატყუონ და დაგვპირდნენ იმას, რისი გაკეთებაც მათ არ შეუძლიათ, იმიტომ რომ, ერთის მხრივ, რუსეთის ქვეშ ნებისმიერ გაერთიანებაზე საუბარი ზედმეტია. რუსეთი არ დათმობს ნებით იმას, რაც წაიღო ომით. რუსეთის მიზანია მთელი საქართველოს დაბრუნება გავლენის სივრცეში და არა მხოლოდ, ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის და ჩანს საინფორმაციო სივრცეში, რომ ,,ქართული ოცნება“ ამ მიმართულებით მიდის და ეს ძალიან კარგად ჩანს მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთში, იმ დისკუსიითა და მსჯელობებით, რომელიც საექსპერტო საზოგადოებაში მიმდინარეობს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, განცხადებები, უკვე ოფიციალურად დე-ფაქტო ლიდერების მხრიდან, კონფედერაციის მიუღებლობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ეს არის რუსეთის ის საშინაო დავალება, რომელსაც ,,ქართული ოცნება“ აქ შეასრულებს იმისთვის, რომ განამტკიცოს საქართველოზე კონტროლი და გავლენა“, - განაცხადა აქუბარდიამ.