გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ყველანი ვხედავდით საცოდავ მდგომარეობას, როდესაც ვეტოს დამდებს არ ჰქონდა არცერთი სამართლებრივი არგუმენტი. შენიშვნაც კი არ ჰქონდა სამართლებრივი, თუ რატომაა გამჭვირვალობის კანონი ცუდი. რატომაა ის რუსული, დისკრიმინაციული, ანტიდემოკრატიული - რაც სხვადასხვა დროს ითქვა, მაგრამ არასდროს თქმულა ერთი რამ - რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი", - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
მისი თქმით, გამჭვირვალობა არის დემოკრატიის და ევროპის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა.
„ახლა, როდესაც სამართლებრივი არგუმენტები ამოწურულია, ხდება შანტაჟირება იმით, რომ სანქციები დაემუქრება საქართველოს, დეპუტატებს და ა.შ. პირველი - სუვერენული ქვეყნის საკანონმდებლო საქმიანობა არცერთი საერთაშორისო სტანდარტით არ ექვემდებარება არანაირ სანქცირებას. მეორე - ეს კანონი არ არის მიმართული ქართულ-ამერიკული სტრატეგიული ურთიერთობის წინააღმდეგ, ეს კანონი არ ეხება ამ ურთიერთობის არცერთ ასპექტს. აქედან გამომდინარე, სანქციებზე საუბარი არის კონტრპროდუქტიული ამ ურთიერთობებისათვის, დამაზიანებელია ამ ურთიერთობებისათვის და შედის სწორედ მათ ინტერესებში, ვისაც არ მოსწონს ქართულ-ამერიკული სტრატეგიული ურთიერთობები.
ამ კანონის მიღებით, საბოლოო ჯამში, აშშ-სთან იქნება თუ ევროკავშირთან, ეს ურთიერთობები ვერ დაზიანდება. პირველ რიგში, ქართულ საზოგადოებას აქვს გასაცნობიერებელი, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, მას აქვს უფლება, იცოდეს, რა ხდება მის ქვეყანაში და მისი ქვეყნის გარშემო. მიიღოს შესაბამისი კანონები და ასეთი სუვერენიტეტით აღჭურვილი ქვეყანა იყოს საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტი. ჩვენ ჩვენი პოლიტიკური, სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მიზნები არ შეგვიცვლია. ჩვენი მესიჯი ეს არის, რომ ამ ურთიერთობებით ვიყოთ ორმხრივად ღია, არაორმაგი სტანდარტებით გავიზიაროთ ერთმანეთის კანონიერი უფლებები და წუხილი და ვიაროთ ერთმანეთთან დაკავშირების გზით",- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.