„თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, შოთა შალელაშვილმა TV24-თან პრეზიდენტის მიერ წარდგენილი „ქართული ქარტია“ შეაფასა. როგორც ის ამბობს, ოპოზიციური პარტიების გაერთიანება მისთვის მისაღებია, მაგრამ გაერთიანება უნდა იყოს რამდენიმე და არა ერთი.
„მე, ქალბატონი პრეზიდენტის ქარტიას მივესალმები, ყველა მის პუნქტს ხელს ვაწერ. მზად ვარ ჩავერთოთ ამ პროცესში, მაგრამ არის კითხვები, არის სამი ძირითადი კითხვა, რომელიც დასამუშავებელია და თვითონ, ეს ქარტია არის დაუმუშავებელი“, - აღნიშნა შალელაშვილმა.
მისივე განმარტებით, ამ პროცესს ხალხის ნდობა უნდა ჰქონდეს.
„რა თქმა უნდა, ამაზე უნდა იყოს პირველ რიგში მუშაობა. მეორე, იურიდიული ძალა არ აქვს ამ დოკუმენტს, რადგან ჩვენ არ ვიცით, პარტიები, რომ გადალახავენ ბარიერს და მოხვდებიან პარლამენტში, თუ დაემორჩილებიან ამ ქარტიას. ამ ქარტიას იურიდიული ძალა არ აქვს. მესამე ის, რომ პატარა პარტიები გაუთვალისწინებელია...
მე არ მგონია, რომ მთლიანად, მთელი საქართველო და მთელი ოპოზიციური სპექტრი ამის ირგვლივ გაერთიანდება, მაგრამ დასამუშავებელია დოკუმენტი და ამაზე ღირს ფიქრი.
რა თქმა უნდა, მისასალმებელია ეს ერთიანობა, ყველა პუნქტი.. ჩემი დიდი პატივისცემა ქალბატონ პრეზიდენტს - ის იბრძვის, ცდილობს, რომ ეს ყველაფერი შეკრას და ეს ხელისუფლება წავიდეს მშვიდობიანი არჩევნების გზით სახლში და მივესალმებით.
მე ვფიქრობ იმისთვის, რომ არ დაიკარგოს ოპოზიციური ხმები, უნდა იყოს გაერთიანებები, მაგრამ ერთი გაერთიანების მოწინააღმდეგე ვარ იმიტომ, რომ საერთო სიას გამოიყენებს ხელისუფლება ძალიან ცუდად და ძალიან ცუდად დაგვიბრუნდება - თითქმის განწირული იქნება მარცხისათვის. მაგრამ, ის, რომ 3-4 კლასტერი შეიქმნას, რაღაც დაჯგუფებები... რაღაც ცენტრები, რომ გაჩნდეს (ორი გაჩენილია, ქართული ოცნება და ნაცები, ნაციონალური მოძრაობა) კიდევ ორი ცენტრი თუ გაჩნდება, ვფიქრობ, არ დაიკარგება არც ერთი ხმა, ოღონდ ყველა პარტიები, პატარები უნდა იყოს თუ ამ კლასტერში, თუ მეორე კლასტერში და შემდეგ ის ქარტია, ის პროგრამა, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა გააჟღერა, ის განხორციელებადი გახდება“ - განაცხადა შალელაშვილმა.