ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

შოთა შალელაშვილი: ეს აქციები, რაც დღეს დაიწყება და რაც დაიწყო უკვე, ერთი დღითაც არ უნდა შეწყდეს

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტოს დაძლევას შოთა შალელაშვილი TV24-თან აფასებს. პარტია „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საპროტესტო მუხტი არ უნდა ჩაცხრეს, აქციები კი მომდევნო თვეებშიც გაგრძელდეს.

შალელაშვილი დარწმუნებულია, რომ ე.წ „რუსულ კანონზე“ ვეტოს დაძლევის შემდეგ, დასავლეთი საქართველოს წინააღმდეგ დაანონსებულ სანქციებს მიიღებს, რაც ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება.

„ერთი წლით უკან დავიხევ და მიმოვიხილავ ერთი წლის წინანდელ აქციებს, მე რამდენიმე ინტერვიუში მაშინ ვსაუბრობდი, რომ იმით არ უნდა დავკმაყოფილებულიყავით, როდესაც კანონპროექტი უკან გავატანინეთ და დაგვპირდნენ, რომ აღარასოდეს აღარ გამოიტანდნენ - მაშინ არ უნდა შენელებულიყო ეს აქციები, მაშინ უნდა მოგვეთხოვა პარლამენტის გადადგომა, ხელისუფლების დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები. იმით, იმ პატარით რომ დავკმაყოფილდით და იქვე დაიშალა... ამით ხელისუფლებას მივეცით კიდევ სუნთქვის საშუალება, რომ მათ ეს მდგომარეობა აქამდე მოეტანათ.

ახლა მივიღეთ ეს კანონი და რა არის?! ვიტყოდი, რომ ეს აქციები, რაც დღეს დაიწყება და რაც დაიწყო უკვე, ალბათ ერთი თვეა, თვენახევრზე მეტია, ერთი დღითაც არ უნდა შეწყდეს. არავითარ შემთხვევაში არჩევნები (რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით უნდა მივიდეთ არჩევნებზე) მაგრამ, არჩევნები უნდა ჩატარდეს პროტესტის ფონზე, როდესაც ყველა, მთელი საქართველო, საქართველოს ყველა მოქალაქე იქნება მოცული ამ განცდით, რომ ქვეყანაშია რაღაც გასაკეთებელი, შესაცვლელი, ასე გაგრძელება არ შეიძლება“, - ამბობს შალელაშვილი.

მისივე თქმით, მას წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ ივანიშვილმა და მისმა გუნდმა, არჩევნების გზით გადააბაროს ხელისუფლება.

„იმდენად დიდია მათი შიში ამ ხელისუფლების დაკარგვის და შემდეგ ამ დაკარგვას რაც მოჰყვება, გაფიქრებაც ზარავთ, ალბათ. ამიტომ, არავითარ შემთხვევაში, ჩემი ღრმა რწმენით, კიდევ ერთხელ ვიტყვი, არავითარ შემთხვევაში არჩევნების გზით არ გადააბარებენ ხელისუფლებას.

თუ იმ შემთხვევაში, ის მუქარა იქნება აღსრულებული, რაც ჩვენ გვესმის, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი ეკონომიკური მილი და ჩვენი ეკონომიკური სული არის მათ ხელში. ჩვენ ვართ დამოკიდებული გლობალურ ეკონომიკაზე. მითუმეტეს ისეთი პატარა ეკონომიკა ვართ, აბსოლუტურად მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე არც ვჩანვართ. ჩვენი ეკონომიკის ჩამოშლა, თუ იმ სანქციების მუქარას აღსრულებაში მოიყვანენ, ტრაგედია გველის, წინ კატასტროფა გველის“, - აღნიშნა შალელაშვილმა.