„გავათენოთ საქართველოსთვის“ - ამ ლოზუნგით 12 მაისს, 22:00 საათზე მოქალაქეები პარლამენტის წინ შეიკრიბებიან.
ღონისძიება სოციალურ ქსელში დაიგეგმა, რომლის ორგანიზატორებიც აპირებენ, რომ ღამე რუსთაველის გამზირზე გაათენონ, რადგან 13 მაისის დილას, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მოსმენა.
ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, თან იქონიონ საძილე ტომრები, მცირე ზომის კარვები და სხვა ნივთები.
„საქართველოს მოქალაქეებო, ჩვენი ევროპული არჩევანისთვის ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე.
ყველა, ვინც ვირჩევთ საქართველოს ევროპაში და არა-ს ვეუბნებით რუსულ კანონს – 12 მაისს, 22:00 საათზე ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ.
ვიკრიბებით და ვრჩებით ღამით, რადგან 13 მაისის დილას, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა, მესამე მოსმენით კენჭისყრის მოსამზადებლად.
რადგან ღამით დარჩენა მოგვიწევს, წინასწარ დავიჭიროთ თადარიგი, თან ვიქონიოთ საძილე ტომრები, მცირე ზომის კარვები, ფაუერბანკები, აირწინაღები, დამცავი სათვალეები და ყველა ის ნივთი, რაც დაგვეხმარება ვიყოთ უსაფრთხოდ.
ქვეყნის სიყვარულში ჩვენი დაუღალავი ერთობით - გავათენოთ ღამე ერთად და დილით, არ მივცეთ საშუალება ოცნების დეპუტატებს აუღელვებლად შევიდნენ პარლამენტის შენობაში და გააგრძელონ ხალხის ნების, ევროკავშირისა და კონსტიტუციის საწინაღმდეგო მოქმედება.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
აქციები იგეგმება 11 მაისსაც. 16:00 საათზე ექსპოჯორჯიადან მშობლების მარში დაიწყება, რომელიც 19:00 საათზე ევროპის მარშს შეუერთდება.