პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „აგენტების კანონი“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინვე გადაიგზავნა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, პრეზიდენტი, დიდი ალბათობით, მას ხელს არ მოაწერს, შესაბამისად თავად მოუწევს კანონზე ხელის მოწერა.
„კანონი გუშინვე გადაიგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ასე რომ, ველით ახლა ხელმოწერას. დიდი ალბათობით, გასაგებია, რომ ხელს არ მოაწერს, შესაბამისად, მე მოვაწერ ამ კანონს ხელს. მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტის თითოეულ წევრს, რომელმაც ბოლო ორი თვის განმავლობაში მიიღო მონაწილეობა დისკუსიებში და საბოლოოდ დაადასტურა ამ კანონის მხარდაჭერა, მათ შორის პოლიტიკურ ჯგუფს, „სოციალისტებს“. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც ამ ორთვიანი ეპოპეის განმავლობაში კიდევ ერთხელ აჩვენეს სიბრძნე, რომ არ აჰყვა იმ დეზინფორმაციულ შტურმს, რომელიც შიგნიდან და გარედან ორგანიზებულად მოდიოდა და დაადასტურა თავისი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია.