ქართველი ხალხის დასჯა, იმიტომ რომ ის იღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას კანონთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით - ამას აქამდე ერთადერთი რუსეთი აკეთებდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვიზალიბერალიზაციის მოსალოდნელი შეჩერების საფრთხეზე კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის მტკიცებით, ხელისუფლება ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
,,თუკი რომელიმე სხვა ქვეყანას უნდა, შეუერთდეს ამ რიგს და ქართველ ხალხს ელაპარაკოს რუსულ სტილში, ეს მათი არჩევანია. მაგრამ, ქართველი ხალხის მიერ კანონის მიღების გამო, იმისთვის, რომ თავი დაიცვას უცხოური გავლენებისგან და მისთვის გამჭვირვალე იყოს ეს გავლენები, უცხოელი ზომებს რომ მიიღებს, იმის გამო, რომ მისი დაფინანსება არ იყოს გამჭვირვალე, ეს თავისთავად აჩვენებს, რომ მისი გადაწყვეტილების შინაარსი არაკეთილსინდისიერია.
ზოგადად, ჩვენ ძალიან რთულ რეგიონში ვცხოვრობთ. გარშემო ბევრი საფრთხეა და ამ საფრთხეებში ბოლო 30 წელია ვცხოვრობთ, თუ საუკუნეები არა. მაგრამ ჩვენი ამოსავალი ყოველთვის უნდა იყოს ერთი რამ: რაც არის ქართველი ხალხის ინტერესში. რაც ქართველი ხალხის ინტერესშია, იმას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება”, - აცხადებს პაპუაშვილი.