,,გირჩის“ წევრი, სანდრო რაქვიაშვილი რეფერენდუმთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას აფასებს.
რაქვიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი სწორი მიმართულებით მსჯელობს, მაგრამ შეცდომას უშვებს, რომ გადაწყვეტილებას თავად იღებს.
,,ზოგადად, რეფერენდუმის იდეა შეიძლება სწორი იყოს, ეს ამბავი „ქართულ ოცნებას“ ჩვენც შევთავაზეთ, ვინაიდან, საგარეო ნაწილში კონსტიტუცია დარღვეულია, ალბათ, უნდა გავერკვიოთ, რა გვინდა, ევროინტეგრაცია ისევ აქტუალურია თუ არა.
მგონი, „ქართულ ოცნებას“ ჯერ ეს უნდა გაეკეთებინა და ეს კითხვა ადამიანებისთვის დაესვა, კანონი შემდეგ მიეღო. პრეზიდენტი სწორი მიმართულებით მსჯელობს, მაგრამ შეცდომას უშვებს, რომ გადაწყვეტილებას თავად იღებს. მგონი, პრეზიდენტს იმის ლეგიტიმაცია არ აქვს, რომ აქეთ გვითხრას რა გავაკეთოთ. მან ფასილიტატორის როლი უნდა შეასრულოს და არა ისე, რომ ყველაფერს მე გადავწყვეტ და თქვენ ხელმოწერები მოიტანეთო. რაც შეეხება ხმების დაცვის ნაწილს, არ მესმის, პრეზიდენტი თავის თავზე ასეთ ინიციატივას რატომ იღებს ისე, რომ არავის ელაპარაკება. ჯერ პარტიებს უნდა დაელაპარაკოს და შემდეგ გადაწყვეტილება მიიღოს, ფაქტობრივად, ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს, ჯერ გადაწყვეტილებას იღებს და შემდეგ ელოდება დათანხმებას“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას რეფერენდუმს სთავაზობს. მისი განმარტებით, რეფერენდუმი იქნება იმის თაობაზე, თუ რა უნდა საქართველოს მოსახლეობას – ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა.