პარლამენტმა, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, „ოფშორების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია. სალომე ზურაბიშვილის კანონპროექტი კენჭისყრით 1-მომხრე, 64 -წინააღმდეგი ჩააგდეს, პროექტის თავდაპირველი ვარიანტი კი 83 ხმით (1 წინააღმდეგი) მიიღეს.
პრეზიდენტმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი დაუბრუნა. მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში, პრეზიდენტი პარლამენტს ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას სთავაზობდა.
ამასთან, სრულად იზიარებდა „საგადასახადო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მასზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
19 აპრილს „ქართულმა ოცნებამ” ეკონომიკური სარგებლის მიღების მოტივით, დაჩქარებული წესით შეიტანა საგადასახადო კოდექსში ცვლილება, რომლითაც ოფშორული ზონებიდან ბიზნესის საქართველოში გადმოტანაზე საგადასახადო შეღავათი გავრცელდება.
პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.