ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

„აგენტების კანონთან“ დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის ელჩი დაიბარეს

საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ანდრიუს კალინდრა დაიბარეს. საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ საქმე ეხება საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ლიეტუვის მხარის პოზიციასა და ქმედებებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნულია, ელჩს განემარტა, რომ ლიეტუვის ოფიციალური პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები წარმოადგენს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევას და არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის პარტნიორულ ურთიერთობებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრიუს კალინდრა დაიბარეს საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ლიეტუვის მხარის პოზიციასა და ქმედებებთან დაკავშირებით.

საქართველოს მხარემ ელჩს განუმარტა, რომ ლიეტუვის ოფიციალური პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, ისევე როგორც საპროტესტო აქციაში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა, ასევე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩის დაბარება წარმოადგენს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას და არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს. შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დღის წესრიგში დაბრუნების იმედი და გამოითქვა მზაობა, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განაგრძონ თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგზე მუშაობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

30 მაისს ცნობილი გახდა, რომ ,,აგენტების შესახებ" კანონის მიღების გამო, ლიეტუვამ საქართველოს ელჩი დაიბარა.