ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მეუფე იაკობი: ჩემთვის დიდი სირცხვილი იყო, როცა ქართულ მიტინგზე ვიღაც უცხოელები გამოვიდნენ. ტრიბუნიდან კი არა, ქვეყნიდან უნდა გაყარო

ჩემთვის დიდი სირცხვილი იყო, როდესაც ქართულ მიტინგზე გამოვიდნენ ვიღაც უცხოელები. ისინი, ვინც გამოვიდნენ და ცუდი ილაპარაკეს საქართველოზე, ჩემთვის ოკუპანტივით საზიზღრები არიან, კონკრეტულად ის პიროვნებები. ეგეთი ადამიანები ტრიბუნიდან კი არა, ქვეყნიდან უნდა გაყარო ხოლმე,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგების დრო განაცხადა.

მისივე თქმით, არც ერთი ქვეყანა არ არის დღეს მსოფლიოში ეტალონის მაგალითი. მეუფე იაკობის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება შიგნით შერიგება, აუცილებელია ეს.

„ტერიტორიული მთლიანობა აღსადგენი გვაქვს, დავავიწყეთ ხალხს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სხვისი არაფერი არ გვინდა, თუ ვერ გვეხმარებით, ხელიც არ შეგვიშალოთ წინსვლაში. ჩვენ ყოველთვის გვინდა ძალიან კარგი ურთიერთობები ყველასთან აბსოლუტურად. საქართველოს არ აქვს ის ფუფუნება, რომ ვიყოთ ისე, რომ ვინმესთან გადაჭრილად ცუდი ურთიერთობა გვქონდეს, არავისთან არც გვაწყობს - არც მტერთან, არც მოყვარესთან. დღეს ის სიძლიერე არ გვაქვს, ძლიერები რომ ვიყოთ, კი ვიცით ვის როგორ უნდა მოეპყრო შინ თუ გარეთ, მაგრამ დღეს ასე ვართ. უნდა მოვძლიერდეთ, ტერიტორია უნდა აღვადგინოთ და თუ ასე მოვექეცით ერთმანეთს, ვერ აღვადგენთ. ჩემთვის მთლიანად საყვარელია საქართველო და ყოველი ქართველი, რასაც არ უნდა აკეთებდეს და მტკივა ხოლმე იმათი, ვინც არასწორად იქცევა. რა კაცობაა ან რა ქალობაა ის, შენი ქვეყნის წინააღმდეგ, სხვის მხარეს დადგე, ეს რუსი იქნება, ამერიკელი იქნება, ევროპელი იქნება, ჩინელი იქნება, თურქი იქნება, ირანელი თუ ა.შ. არც ერთი ქვეყანა არ არის დღეს მსოფლიოში ეტალონის მაგალითი. დღეს ეს წესრიგია, მსოფლიოში რაც ხდება? არეულია მსოფლიო და ყველა უნდა შევეცადოთ, რომ მშვიდობისთვის ვიბრძოლოთ, მშვიდობა იყოს ჩვენს გულებში და ქართველებს შორის იყოს მშვიდობა. ქვეყანას სჭირდება შიგნით შერიგება, აუცილებელია ეს. ჩემთვის დიდი სირცხვილი იყო, როდესაც ქართულ მიტინგზე გამოვიდნენ ვიღაც უცხოელები. ისინი ვინც გამოვიდნენ და ცუდი ილაპარაკეს საქართველოზე, ჩემთვის ოკუპანტივით საზიზღრები არიან, კონკრეტულად ის პიროვნებები. ეგეთი ადამიანები ტრიბუნიდან კი არა, ქვეყნიდან უნდა გაყარო ხოლმე, ვინც არ უნდა იყოს. შეიძლება ევროკავშირის წევრები იყვნენ, მაგრამ არც კულტურა აქვთ და არაფერი არ აქვთ, რომ სხვა ქვეყანაში რამე არ აკეთონ. ძალიან ბევრი არასწორად ექცევა ჩვენს ქვეყანას, იმასაც გეტყვით, რომ ჩვენც ბევრ რამეში ვცოდავთ, ურთიერთობებში, მაგრამ ხომ შეიძლება, გონიერი ხალხი ვართ, აქეთაც და იქითაც და ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ახალი ურთიერთობები დავიწყოთ. ჩვენ რაც გვჭირდება, იმაში დაგვეხმარეთ, განა ის, რომ თქვენ გვითხრათ, ამაში უნდა დაგეხმაროთო. ამ რუსულზე კიდე, ქართველებმა განსაკუთრებით გაანებეთ თავი. რუსები ეტყობა თქვენ ხართ და სხვებს იმიტომ ეძახით რუსს, რომ თქვენი რუსობა დაფაროთ, თუ არადა გადახედეთ ბიზნესები სად გაქვთ თქვენც ნაკეთები ყველას“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.