თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სასტიკად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის უნდა შეაჩერონ.
თურქეთის პირველი პირის განცხადებით, ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პალესტინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები.
„ნეთანიაჰუ ბარბაროსი და სისხლისმსმელია, მას არამხოლოდ ჩვენი რეგიონი, არამედ მთელი მსოფლიო კატასტროფამდე მიჰყავს, ის უნდა შეჩერდეს“, – აცხადებს ერდოღანი.
რეჯეფ ტაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთის ხელისუფლებას მუდმივი კონტაქტი აქვს „ჰამასთან“ და იცის, რომ ორგანიზაციაში პოზიტიურად არიან განწყობილნი ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ რამდენიმე დღის წინ წარმოდგენილი ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზაში ომის დასრულების გეგმის მიმართ. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა გააგრძელებს მუშაობას ყველა ყველა საჭირო მიმართულებით, რომ ისრაელზე მეტი ზეწოლა მოახდინოს.
ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს პალესტინის დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებას. „აღიარების პროცესის გაგრძელება იქნება ერთ-ერთი ყველაზე დადებითი პასუხი ისრაელის ოკუპაციის და ჩაგვრის პოლიტიკაზე“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.