ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კობახიძე ამბობს, რომ სანქციებზე საუბარი აბსოლუტურად არასერიოზულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს ელექტრონულ ფოსტაზე მისდით შეტყობინება სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ, ტყუილია.

კობახიძე მიიჩნევს, რომ სანქციებზე საუბარი აბსოლუტურად არასერიოზულია.

„ვინც არ უნდა გააკეთოს შესაბამისი განცხადება, იქნება არასერიოზული და კონტრპროდუქტიული. რაც შეეხება ელექტრონულ ფოსტას, ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი. როცა თემა არის არასერიოზული რა თქმა უნდა, დიდად ასეთ თემას ჩვენ ვერ ჩავუღრმავდებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ქართველი მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციებიც იყო აბსოლუტურად არასერიოზული.

„თქვენ გახსოვთ, თავის დროზე დაწესდა სანქციები 4 მოსამართლეზე, ეს იყო სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე. ესეც იყო აბსოლუტურად არასერიოზული ნაბიჯი და მას ჰქონდა აბსოლუტურად ნული ეფექტი, მხოლოდ კონტრპროდუქტიული იყო. მხოლოდ ამერიკისთვის იყო დამაზიანებელი. როდესაც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე 4 მოსამართლეს დაუწესეს სავიზო შეზღუდვები, ამან დააზიანა მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის იმიჯი საქართველოში. მტკიცებულებები მოვითხოვეთ და ვერ წარმოადგინეს, ასეთი რაღაცები აზიანებს ამერიკის იმიჯს.

მოსამართლე უნდა იყოს ყველაზე მეტად დაცული საჯარო მოსამსახურე, ფართო გაგებით, მოსამართლეც არის საჯარო მოსამსახურე - ყველაზე მკაცრად უნდა იყოს დაცული. მაგალითად, ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც ეფუძნება ე.წ. ბანგალორის პრინციპებს და მოსამართლის დასჯა დისციპლინური წესით დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს გამონაკლის შემთხვევაში. ასეთ დროს კონკრეტული სახელმწიფო ჩვენს მოსამართლეებს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ასანქცირებს. ეს არის სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევა, ეს არის სამართლის უზენაესობის პრინციპის უხეში დარღვევა, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის უხეში დარღვევა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აზიანებს აშშ-ის ინსტიტუციების იმიჯს, რაც ძალიან სამწუხაროა. მტკიცებულების გარეშე სხვა როცა ასანქცირებს მოსამართლეებს, ეს აზიანებს მხოლოდ სანქციის დამწესებლის იმიჯს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.