ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

„ქართლის ამბების“ რედაქტორის თქმით, „აგენტების კანონის“ გამო, რამდენიმე ფონდმა მათი დაფინანსებისგან თავი შეიკავა

„აგენტების კანონის“ გამო, რეგიონულ მედიასაშუალებებში ფინანსური კრიზისი დაიწყო.

ამის შესახებ შიდა ქართლის მედიაორგანიზაციები საუბრობენ და ამბობენ, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, უცხოური გავლენის გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირებას არ აპირებენ.

„ქართლის ამბების“ რედაქტორი, საბა წიწიკაშვილი ამბობს, რომ მისი მედიის შემოსავლის 99 %-ი დონორი ორგანიზაციებისგან ფინანსდება და რამდენიმე ფონდმა, კანონის დაინიცირების შემდეგ მათი დაფინანსებისგან თავი შეიკავა.

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ ჩვენ პირობას არ დავარღვევთ და არ ვიმუშავებთ ამ იარლიყით, რაც არის უცხოური გავლენის გამტარებელი. ეს ძალაში რჩება და გავაგრძელებთ მუშაობას იმ რეჟიმით რა რეჟიმშიც აქამდე ვმუშაობდით. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება ამ შემთხვევაში, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული. შესაბამისად თუ მოხდება ქონების ჩამორთმევა, კომპიუტერების წაღება, ოფისის დალუქვა, რედაქციის გაჩერება და ა.შ. ეს დამოკიდებული იქნება ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს კანონი მედიას არამარტო თავისუფლებას უზღუდავს, არამედ მის არსებობას ემუქრება. ფონდებმა მოგვწერეს, რომ გაურკვეველი სიტუაციის გამო, თავს შეიკავებდნენ დაფინანსებისგან იმიტომ, რომ ისინი უნდა დასახელებულიყვნენ უცხოური გავლენის გამტარებლად და შესაბამისად მათ თავი შეიკავეს დაფინანსების გაგრძელებისაგან. ელოდებოდნენ ვეტოსაც, თუმცა როგორც იცით ვეტო უკვე დაძლია ხელისუფლებამ. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ფონდები, ჯერჯერობით არ არის ცნობილი“, -ამბობს საბა წიწიკაშვილი.

„ქართლის ამბების“ რედაქტორი იმასაც აღნიშნავს, რომ ადგილობრივი მედია, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება, ვერ იარსებებს საკუთარი შემოსავლებით.

„მთელი ბიზნესი, რაც არის გორში ეკუთვნის ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს. მათ, ვისაც აქვს საქაართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა. შესაბამისად ეს ბიზნესი არ იქნება პარტნიორი ისეთი მედიის, რომელიც ამ ქვეყანაში სამოქალაქო უფლებების გაზრდას, ადამიანის უფლებების დაცვას, მედიის თავისუფლებას და ა.შ. ემსახურება. ეს შეუთავსებლობაა ერთმანეთთან და ბუნებრივია ასეთი შემოსავლებისგან დაცლილია ადგილობრივი მედია“, - აღნიშნავს საბა წიწიკაშვილი.

„ქართლის ამბების“ მსგავსად, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის „მოზაიკას“ ჟურნალისტი, ანა ჯიოშვილიც საუბრობს ადგილობრივი მედიის პრობლემებზე და აღნიშნავს, რომ მათ ორგანიზაციაში დაწყებული ფინანსური პრობლემების გამო, არ იციან როგორ შეძლებენ საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას.

„არჩევნები ახლოვდება და იმისათვის, რომ დემოკრატიულად წარიმართოს საარჩევნო პროცესი, აუცილებელია ადგილობრივი მედიის ჩართულობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბრამდე შევძლოთ მუშაობა და დავაკვირდეთ საარჩევნო პროცესს, რადგან სწორედ მოზაიკის საშუალებით იგებს საზოგადოება საარჩევნო უბნებზე დარღვევებისა და გაყალბების შესახებ. ხელისუფლება საუბრობს გამჭვირვალობაზე, რაც არ არის თავად ადგილობრივ მუნიციპალიტეტში. ჩვენ ვამზადებდით სტატიებს ა(ა)იპ-ის სამსახურებზე და გაოცდებით, რომ ნახოთ რა ხდება ამ სამსახურებში. გადავსებული შტატები, ფორმალურად გაფორმებული თანამშრომლები. ზოგიერთმა თანამშრომელმა ისიც არ არიცის, რომელ ა(ა)იპ-ში და რა პოზიციაზე მუშაობს. ამის შემდეგ ეს ხელისუფლება ჩვენ გვესაუბრება გამჭვირვალობაზე. აგრეთვე აქცენტს ვაკეთებთ იმ ბიზნესმენებზე, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან არიან დაახლოებულები და ხშირ შემოწირულობებს აკეთებენ მართველი პარტიის სასარგებლოდ. ვაქვეყნებთ თანამდებობის პირების დეკლარაციებს, სადაც ფიქსირდება დიდძალი ქონება, თუმცა არ უფიქსირდებათ შემოსავლის წყარო. ეს არის ზუსტად კრიტიკული მედიასაშუალების მიზანი, რომ ასეთი ხარვეზები იყოს გამოკვეთილი და საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ საბიუჯეტო დაწესებულებაში მომუშავე ადამიანი ანგარიშვალდებულია მოსახლეობასთან. ეს კანონიც ამას ემსახურება, რომ ჩვენნაირი მედიასაშუალებები და ორგანიზაციები გააჩუმონ. აღარ იყოს არცერთი პლატფორმა, სადაც ხალხი თავის გასაჭირს ხმამაღლა დააფიქსირებს.“-გვიყვება ანა ჯიოშვილი და დასძენს, რომ მოზაიკის დაარსებიდან, მათი შემოსავლის ძირითადი წყარო უცხოური დონორების დაფინანსება იყო და ამ ხნის მანძილზე მათმა მედიაორგანიზაციამ არაერთი გრანტი მოიპოვა. „რა თქმა უნდა ამ კანონის მიღების შემდეგ, მოზაიკა არ დარეგისტრირდება უცხოური გავლენის გამტარებლად. თუმცა როგორ გავაგრძელებთ მუშაობას ამაზე პასუხი არ მაქვს. კანონის დაინიცირების შემდეგ დაპაუზდა ჩვენი საპროექტო განაცხადები და შემიძლია ვთქვა, რომ კრიზისი სახეზე გვაქვს“,-აღნიშნავს ანა ჯიოშვილი.