ჩვენ გვინდა საქართველოს წინსვლა, მაგრამ სურს თუ არა საქართველოს წინსვლა? ეს უნდა დაამტკიცოს; ის უნდა იყოს ჩემპიონთა შორის ჩემპიონი ევროპულ გზაზე, - ამის შესახებ ლიეტუვის ელჩმა საქართველოში, ანდრიუს კალინდრამ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ელჩის თქმით, ,,აგენტების კანონი" საქართველოს ევროინტეგრაციისთვის არასაჭირო კანონია.
,,სულ რაღაც ნახევარი წლის წინ, ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით და მხარს ვუჭერდით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. დეკემბერში ჩვენ მას თავისუფლების მოედანზე აღვნიშნავდით. ახლა ჩვენ შევდივართ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების სხვა ფაზაში, ფაზაში, რომელიც გადადის შემდეგ - საბოლოო საფეხურზე.
ეს არის გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყისი და ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. ჩვენ ვსაუბრობთ ინტეგრაციაზე, წევრობაზე და არა სხვა რამეზე. კანონზე, ამდენმა ევროპელმა პოლიტიკოსმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება და თუ აზრს გეოგრაფიულად,დემოკრატიებსა და ავტოკრატიებს შორის შევაფასებთ, დავინახავთ, რა თქვეს დემოკრატიულმა ქვეყნებმა და რა გზავნილი იყო ავტოკრატიული რეჟიმების მიერ.
თავად ევროკავშირი მართლაც უნიკალური გაერთიანებაა, რომელიც დაფუძნებულია ღირებულებებზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს კანონი იყო და არის სრულიად არასაჭირო საქართველოსთვის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. მან უკვე იმოქმედა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებსა და პარტნიორობაზე. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ უკვე განიხილა საქართველოში არსებული ვითარება მაისის ბოლოს. ივნისში საგარეო საქმეთა საბჭოს სხვა მიმართვა ექნება. ჩვენ გვინდა საქართველოს წინსვლა, მაგრამ სურს თუ არა საქართველოს წინსვლა? ეს უნდა დაამტკიცოს; ის უნდა იყოს ჩემპიონთა შორის ჩემპიონი ევროპულ გზაზე.
საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა უკვე 2023 წლის მარტიდან შეიცვალა. ეს არის ის, რაც გვესმის პოლიტიკური ლიდერებისგან, ეს არის ის, რაც გვესმის სამოქალაქო საზოგადოებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოში ლიეტუვის პრეზიდენტი ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა მხარდაჭერის მიზნით, მაშინ როცა რუსული სამხედრო კონტინგენტი ჯერ კიდევ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
თბილისში ჩამოსულმა მინისტრებმა გაათავისუფლეს თავიანთი განრიგი, რათა საქართველოსთვის 24 საათი დაეთმოთ. ისინი საქართველოზე და მის მომავალზე ზრუნავენ; მინისტრებმა არჩიეს შეხვედროდნენ და დამდგარიყვნენ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს მომავალს ევროკავშირში. ეს ემთხვევა ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და საქართველოს კონსტიტუციას, რომლის ნაწილიც ევროკავშირისკენ მისწრაფებაა. მინისტრებს ძალიან ღია და გულწრფელი დისკუსია ჰქონდათ. ჩვენ ასე აღვიქვამთ დიპლომატიას... რაც შეეხება კრიტიკაზე პასუხს, ისინი თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი ხალხი არიან. მათ აქვთ განსხვავებული აზრის უფლება. და ასე მუშაობს დემოკრატია", - განაცხადა ელჩმა.
რაც შეეხება 31 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მის დაბარებას, ელჩის თქმით, მხარეებმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს.
თუმცა, ელჩი ამბობს იმასაც, რომ სამინისტროში ელჩის დაბარებას გარკვეული დიპლომატიური ფსიქოლოგია აქვს.
„ეს შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე დიდი იყო დღის წესრიგში. ჩვენ განვიხილეთ და გავცვალეთ მოსაზრებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მაგრამ კიდევ ერთხელ, ჩვენი, როგორც დიპლომატების მანდატი არის დისკუსიები, რათა ვიპოვოთ ჩვენი ქვეყნების კიდევ უფრო დაახლოების გზა. დიპლომატიური თვალსაზრისით არ ვიტყოდი, რომ შეხვედრა ძალიან ჩვეულებრივი იყო. სამინისტროში ელჩის დაბარებას აქვს გარკვეული ტემპერატურა, მე ვიტყოდი, გარკვეული დიპლომატიური ფსიქოლოგია, მაგრამ მაინც, დარწმუნებული ვარ, რომ ეს უარყოფითად არ იმოქმედებს იმ ურთიერთობებზე, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ", - განაცხადა ელჩმა.
ინტერვიუში ელჩმა, ასევე, ისაუბრა 31 მაისს საქართველოს პოლიციის დღის აღსანიშნად გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც აშშ-ის და ევროკავშირის არცერთი ქვეყნის ელჩი არ ესწრებოდა და უცხოური დიპლომატიური კორპუსი მხოლოდ საელჩოების წარმომადგენლების დონეზე იმყოფებოდა.
მისი თქმით, ელჩები ყოველთვის ესწრებიან საქართველოსათვის ყველა მნიშვნელოვან დღეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მათ ჰქონდათ სხვა შეხვედრები.
„ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში აქ არის ბევრი სხვადასხვა სახის მოწვევა. ჩვენ ვაფასებთ, რომ ჩვენ, როგორც დიპლომატიური კორპუსი, მოწვეულნი ვართ მხარდაჭერის გამოსახატავად. ასე რომ, დასწრება-არ დასწრების საკითხს მე არ განვიხილავდი, როგორც შავსა თუ თეთრს. რა თქმა უნდა, პოლიციის დღეს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად აღნიშნავენ ან იხსენებენ.
მაგრამ ამავდროულად, ჩემი სახელით, არ არსებობს რაიმე გამართლება ან კომპრომისი, როდესაც საქმე ეხება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, ან დამოუკიდებლობის აღდგენის, ან საქართველოსთვის სხვა მნიშვნელოვან დღეებს. იმავე დღეს გვქონდა სხვა შეხვედრები, რომლებზეც შემდგომ უნდა გვემუშავა, როგორც მანდატის ნაწილი, ასევე უნდა მოგვეხსენებინა საკუთარი ქვეყნებისთვის ქვეყანაში განვითარებული მოვლენები. ჩვეულებრივ, ჩვენ ვიყენებთ საღ აზრს ასეთ შემთხვევებში", - განაცხადა ელჩმა.
ელჩმა ინტერვიუში არჩევნების შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა და საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას პოლიტიკის პოზიტიური დღის წესრიგის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა.
,,ჩვენ ყველა ინდივიდუალურად და ერთობლივად ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის მომავალზე. თავმდაბლად ვიტყოდი, რომ ვაფასებ მეტ ყურადღებას მომავალზე, პოლიტიკაზე, ჩარჩოებზე, როგორ გამოიყურება ქვეყანა და სად იქნება ის მომავალში. მნიშვნელოვანია აზრის გამოხატვა ხმისმიცემით, ვგულისხმობ ხმისმიცემას იმისთვის, რაც მოგვწონს და არა რაიმეს წინააღმდეგ.
[ხელისუფლებას და ოპოზიციას] მოვუწოდებ მხოლოდ პოლიტიკის პოზიტიური დღის წესრიგის ჩამოყალიბებას, რადგან პოლიტიკის გარეშე არაფერი ხდება. როდესაც ჩვენ გვაქვს საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური იდეების გაცვლა, ესეც დემოკრატიის ნიშანია, რადგან შენს მეზობლად, ჩემს მეზობლად, თავისუფლებების ისეთ დონეს ვერ ვხედავთ, სადაც პოლიტიკურ საკითხებს განვიხილავთ",- აღნიშნა ელჩმა.