„ხალხის ძალის” თავმჯდომარის, სოზარ სუბარის თქმით, საქართველოს მოქალაქეები, 30 წლის განმავლობაში, დე ფაქტო სანქციების ქვეშ არიან და აშშ- ში შესავლელად მექსიკაში წასვლა და 20-30 ათასი დოლარის გადახდა უწევთ, ეს კი ძალიან მიუღებელი დამოკიდებულებაა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან.
როგორც სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ამერიკის მხრიდან დახმარება შეწყდება, იმ NGO-ებმა იდარდონ, რომლებიც ამ დახმარებას იღებდნენ.
მისივე თქმით, რუსეთიდან აშშ-ში წამსვლელთა ვიზის მოთხოვნების დაკმაყოფილება, სამჯერ, ხოლო სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ოთხჯერ მაღალია, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებისთვის.
„საქართველოს მოსახლეობა ძალიან დიდი ხანია, პრაქტიკულად, სანქციების ქვეშაა. დაახლოებით 2-3-ჯერ მაღალია რუსეთიდან აშშ-ში წამსვლელების ვიზის მოთხოვნების დაკმაყოფილება, ვიდრე საქართველოში. ასევე, სამჯერ და ოთხჯერ მაღალია ჩვენს მეზობელ ქვეყნებში - სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებისთვის. საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნების დაკმაყოფილების პროცენტი დაახლოებით 15%-ს შეადგენს, რაც ძალიან დაბალია. პრაქტიკულად, გამოდის, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ 30 წლის განმავლობაში, რაც დამოუკიდებლები ვართ, დე ფაქტო სანქციების ქვეშ არიან. მათ უხდებათ მექსიკაში წასვლა და 20-30 ათასი დოლარის გადახდა იმისთვის, რომ აშშ-ში შევიდნენ. ეს ძალიან მიუღებელი დამოკიდებულებაა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან”, - აღნიშნა სუბარმა.
სუბარის თქმით, როდესაც აშშ-ის მხრიდან დახმარებაზეა საუბარი, იმ NGO-ების დაფინანსებას ხმარდება, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ და აქციებს აწყობენ.
“როდესაც დახმარებაზეა საუბარი, ის დახმარება, რომელიც საქართველოში შემოდის, იმ “ენჯეოების” დაფინანსებას ხმარდება, რომლებიც ითხოვენ საქართველოს ხელისუფლების გადადგომას, ტექნიკური ხელისუფლების ჩამოყალიბებას და აწყობენ აქციებს. საბოლოოდ ეს ყველაფერი იმდენად აზიანებს საქართველოს ეკონომიკას, რომ ის 10%-ც არ იქნება იმისი, რა მოგებასაც მივიღებდით ასე რომ არ აყანყალებდნენ ეს NGO-ები ამ დახმარებით საქართველოს. თუ დახმარება შეწყდება, იდარდონ იმ NGO-ებმა, რომლებიც ამ დახმარებას იღებდნენ”, - აღნიშნა სუბარმა.