„ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში აშშ-ს მიერ „ქართული ოცნების” წევრებზე, პარლამენტის წევრებზე, სამართალდამცავებსა და კერძო პირებზე სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანშის გამოცხადებას ეხმიანება და წერს, რომ ისინი უკვე მოქმედებაზე გადავიდნენ.
მისივე თქმით, ამერიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ.
„ამერიკის შეერთებული შტატები მოქმედებაზე გადავიდა. მოღალატე ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების პირველი ტალღა სახეზეა.
ამერიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც დაბადებულია გამარჯვებისთვის!
თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ, რაც უფრო დაშორდება დემოკრატიას "ოცნების" ხელისუფლება და მეტად დაუახლოვდება რუსეთს, სულ უფრო დააზიანებს ქვეყანას და ჩვენს საერთაშორისო ინტერესებს. ეს დაუშვებელია!ეს მომავლის ღალატია!
ამიტომ, ახლა ჯერი ისევ ჩვენზეა - კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა გვჭირდება, რომ ოქტომბერში გამარჯვება საბოლოოდ გავაფორმოთ“,- დაწერა ხაზარაძემ.
აშშ-ის სახდეპმა საქართველოში „აგენტების კანონის“ მხარდაჭერისთვის, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობისთვის, ქვეყანაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა.
როგორც სახდეპში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, სანქციები „ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს და პოლიციელებს შეეხება.