კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, ვლადიმირ სოლოვიოვს, დმიტრი კისელიოვს, მარგარიტა სიმონიანს, სერგეი მარდანს და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, დმიტრი მედვედევს - ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) უჩივლა.
უფლებადამცველები მათ უკრაინის მიმართ სიძულვილის გაღვივებაში ადანაშაულებენ.
FIDH-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარია, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის, ალექსეი გრომოვის პასუხისმგებლობაზეც. დოკუმენტში გრომოვი დასახელებულია პირად, რომლის უშუალო მითითებით მედიით პროპაგანდისტული მასალების გავრცელება ხდება.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ICC-ს პროკურორს მიმართავს, ამ პირების წინააღმდეგ დაიწყოს გამოძიება, რასაც შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება და დაპატიმრების ორდერების გაცემა უნდა მოჰყვეს.
უფლებადამცველების განცხადებით, კრემლის ნარატივმა „კიევში ნაცისტების“ შესახებ, რომელსაც რუსული პროპაგანდისტული საშუალებები აქტიურად ავრცელებენ, გამოიწვია ის, რომ რუსების მნიშვნელოვან ნაწილს სჯერა უკრაინის ხელისუფლებაში ნაცისტების ყოფნის და უკრაინის წინააღმდეგ ომს აიგივებს „დიდ სამამულო ომთან“.
რუსული პროპაგანდის მიერ საზოგადოებისთვის თავსმოხვეულ კიდევ ერთ იდეად დასახელებულია ნარატივი, რომ უკრაინა, როგორც სახელმწიფო, არასდროს არსებობდა და ყოველთვის რუსეთის ნაწილი იყო.
„სიძულვილით სავსე რიტორიკამ გადამწყვეტი როლი ითამაშა რუსეთის კრიმინალურ კამპანიაში უკრაინაში“, - აღნიშნავს FIDH-ის იუსტიციის საერთაშორისო სამსახურის უფროსი ილია ნუზოვი.
მისივე თქმით, სიძულვილის ენა ცალკე დანაშაულია.
,,ჩვენი ორგანიზაციები თვლიან, რომ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების კონტექსტში სიძულვილის ენა ცალკე დანაშაულია, რომელიც მოითხოვს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უფრო მეტ შემოწმებას. ჩვენი კომუნიკაცია შეიცავს უამრავ მტკიცებულებას, რომელიც ადასტურებს ამ ქმედებების შემდგომი გამოძიების აუცილებლობას და საბოლოოდ დაკავების ორდერის გაცემას“,- აცხადებს ნუზოვი.