ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა. როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, ანა პიზონერომ განაცხადა.
„წევრ ქვეყნებს განახლებული ინფორმაცია მივაწოდეთ - მიგვაჩნია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ყველა პირობა შეასრულეს. ახლა გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების ხელშია", - აღნიშნა პიზონერომ.
უკრაინისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების პირობები იყო ანტიკორუფციული რეფორმები, პოლიტიკური ლობირების შეზღუდვა, თანამდებობის პირების კუთვნილი აქტივების დეკლარირების წესები და ეროვნული უმცირესობების ენების დაცვა.
მანამდე Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკომისია მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას გააკეთებდა 1 ივლისამდე, როდესაც ევროკავშირის თავმჯდომარე როტაციით უნგრეთი უნდა გახდეს.
უნგრეთი, რომელიც რუსეთის მიმართ ყველაზე კეთილგანწყობილ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოდ ითვლება, უკრაინის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებების უმეტესობას ბლოკავს.
როგორც მოსალოდნელია, ბუდაპეშტი დაუპირისპირდება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასაც.