„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები აჭარის მთავრობას ულტიმატუმს უყენებენ. ისინი, 10 დღის ვადაში მთავრობისგან კრიტერიუმების გასაჯაროვებასა და პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას მოითხოვენ.
კერძოდ, მათთვის ცხადი უნდა გახდეს ის, თუ ვის და რატომ ეკუთვნის ბინა.
სოციალურად დაუცველები ასევე, მეორე ეტაპისთვის გადასაცემი ბინების საგარანტიო ხელშეკრულებებს აუცილებლობაზე საუბრობენ. მიაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე ბინების გადაცემის პროცესი ბუნდოვანი და უსამართლოა.
ამბობენ, რომ ბინა მიიღეს ისეთმა ოჯახებმა, რომლებსაც ტერიტორიაზე არ უცხოვრიათ, მათ შორის მთავრობასთან დაახლოებულმა პირებმაც. იმ შემთხვევაში თუ მთავრობა „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლების მოთხოვნებს უგულვებელყოფს, მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან გაიმართება.
რამდენიმე დღის წინ საქართველოსა და აჭარის მთავრობამ კორპუსების მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა, თუმცა იმავე დღეს საცხოვრისის მიმღებთა სია არ გასაჯაროვებულა, მათ შორის არც კრიტერიუმები. ამ ეტაპზე სამი კორპუსი აშენდა, სადაც 582 ბინაა. მთავრობა ირწმუნება, რომ მშენებლობის პროცესი გაგრძელდება და სხვები ბინებს მეორე ეტაპზე მიიღებენ.
ხელვაჩაურში „ოცნების ქალაქი“ 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის პარალელურად გაჩნდა. სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მქონე 1700-ზე მეტი ოჯახი თავისუფალ ტერიტორიაზე თვითნებურად დასახლდა. ისინი დღემდე ელემენტარული პირობების გარეშე, ფიცრულებში ცხოვრობენ, მათ შორის 2000-მდე ბავშვი.
ავტორი: სულხან მესხიძე