„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამერიკისა და საფრანგეთის პრეზიდენტების კრიტიკულ განცხადებას პასუხობს და წერს, რომ ვინმემ, საქართველოდან ან უცხოეთიდან გასცეს პასუხი, „როგორ შეიძლება, საქართველოში, დემოკრატიას ძირს უთხრიდეს ზუსტად იგივე რამ, რაც ამერიკასა და საფრანგეთში ძირს უმაგრებს დემოკრატიას?!“.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაცილებით მკაცრი კანონი, წინა საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან მოქმედებს.
„ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის პირველი პირები, კიდევ ერთხელ, გამჭირვალობის კანონის გამო გვაკრიტიკებენ.
ვინმემ, ერთმა ადამიანმა ან ორგანიზაციამ, ქართველმა ან უცხოელმა, გაგვცეს პასუხი კითხვაზე: როგორ შეიძლება, საქართველოში, დემოკრატიას ძირს უთხრიდეს ზუსტად იგივე რამ, რაც ამერიკასა და საფრანგეთში ძირს უმაგრებს დემოკრატიას?!
ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაცილებით მკაცრი კანონი, წინა საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან მოქმედებს. ერთი კვირაც არ არის გასული, რაც საფრანგეთმა მიიღო იგივე სფეროს რეგულირების, ასევე გაცილებით მკაცრი კანონი!..“,- წერს მდინარაძე.
გუშინ ბაიდენმა და მაკრონმა „ოცნებას“ მოუწოდეს - „პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით“.