საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა ბაიდენის და მაკრონის განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს; ხედავენ და აფასებენ იმ ძალისხმევას, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოს საზოგადოებამ აჩვენა.
ბეჟაშვილის თქმით, ოქტომბრის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დამარცხებით დაჩქარდება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.
„კიდევ ერთხელ მორიგ ჯერზე ყველაზე მაღალი რანგიდან საქართველოს საზოგადოებამ მოისმინა ჩვენი პარტნიორების საკმაოდ მკაფიო გზავნილები, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ხედავენ და აფასებენ იმ ძალისხმევას, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოს საზოგადოებამ აჩვენა, როდესაც ასი ათასობით ადამიანმა თავისი ევროპული არჩევანი და ევროპული ღირებულებები დაიცვა. ამჯერად უკვე არჩევანი ჩვენზეა. რუსული რეჟიმის პირობებში ჩვენ ევროპული პერსპექტივა არ გაგვაჩნია, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა არ ექნება ქვეყანას თუ ივანიშვილის რეჟიმი გააგრძელებს მმართველობას. ამიტომ, ერთხმად, ორგანიზებულად 26 ოქტომბრის არჩევნებზე უნდა მოვიშოროთ რუსული რეჟიმი და ამ შემთხვევაში დაჩქარდება საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, მეგობრობის აქტის ამოქმედება აშშ-დან, რაც ჩვენი საზოგადოების მთავარი მიზანია“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
გუშინ ბაიდენმა და მაკრონმა „ოცნებას“ მოუწოდეს - „პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით“.