ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ზელენსკი: ევროკავშირი სჭირდება ყველა ევროპელს, უკრაინელებს, ჩვენს მეზობლებს მოლდოვაში, საქართველოს მოსახლეობას

ევროკავშირი სჭირდება ყველა ევროპელს, ყველა ერს, უკრაინელები ასეთი ერია, როგორც ჩვენი მეზობლები მოლდოვაში, როგორც საქართველოს მოსახლეობა, ბალკანეთის სახელმწიფოები და სხვები, აუცილებლად დადგება თავისუფალი ბელარუსის დრო ევროპაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან დამსწრე საზოგადოებას უკრაინელების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ზელენსკის თქმით, ევროკავშირი სჭირდება ყველა ევროპელს და ყველა ერს.

„როგორც არ უნდა შეიცვალოს პოლიტიკური განწყობები ევროპაში, ჩვენი რეალობა ასეთია: ევროკავშირი სჭირდება ყველა ევროპელს გამონაკლისის გარეშე, ყველა ერს, რომელიც იზიარებს მთელი ევროპის საერთო ღირებულებებს და სურს, როგორც ჩვენ, იცხოვროს მშვიდობიანად. უკრაინელები ასეთი ერია. ისევე, როგორც ჩვენი მეზობლები მოლდოვაში, როგორც საქართველოს მოსახლეობა, ბალკანეთის სახელმწიფოები და სხვა სახელმწიფოები, რომლებიც პატივს სცემენ ევროპას, თავისუფლებას და კანონის უზენაესობას. აუცილებლად დადგება თავისუფალი ბელარუსის დროც, ბელარუსის დრო ევროპაში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, უკრაინამ უკვე შეასრულა ყველაფერი, რაც საჭირო იყო უკრაინის ევროკავშირში წევრობის შესახებ მოლაპარაკებების ფაქტობრივი გახსნისთვის.

„ყველა წინაპირობა შესრულებულია. ივნისი უნდა გახდეს დრო, როდესაც მოხდება მოლაპარაკებების ჩარჩოს დადასტურება და დაიწყება თავად მოლაპარაკებები. რატომ არის ეს საჭირო? რადგან ეს არის ევროპის მიერ მიცემული დაპირებების შესრულება. ეს არის მტკიცებულება, რომ ევროპის გატეხა შეუძლებელია ზეწოლით, ხელოვნური ეჭვებით და რაიმე მანიპულაციებით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.