თქვენ ახლა გახსენით პანდორას ყუთი, მიეცით საშუალება უმრავლესობას, რომ სხვა დროს, სამშაბათს, არ გაიაროს რეგისტრაცია. დარჩებით თქვენი პოლიტიკური განცხადებებისა და მედიაში აწეული სათაურების გარეშე, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომათა დარბაზში მყოფ ოპოზიციონერ დეპუტატებს მას შემდეგ, რაც სხდომა მესამე ცდაზე გაიხსნა.
პაპუაშვილის თქმით, რეგისტრაციის არ გავლით უმრავლესობას არც არაფერი ემატება და არც აკლდება. მისივე თქმით, ოპოზიცია მსგავსი ქმედებებით თავის ამომრჩეველს ცუდ მდგომარეობაში აყენებს.
„დღეს ჩვენ გვქონდა სამი რეგისტრაცია, არცერთი არ გაიარეთ. გიგროვდებათ თქვენ როგორც რეგისტრაციის არ გავლა და თვის ბოლოს შესაბამისად ჩამოგეჭრებათ ხელფასი. ეს თქვენი ობსტრუქცია, რაც შეეცადეთ რომ მოგეწყოთ, რათა სხდომა არ გახსნილიყო, გასაგებია, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, მაგრამ მგონი ამით გახსენით პანდორას ყუთი, ვინაიდან სამშაბათს, დღევანდელ დღეს, უპირველეს ყოვლისა, ოპოზიცია იყენებს - ხოლმე პოლიტიკური განცხადებებისთვის. სხდომა თუ არ გაიხსნება სამშაბათს, ვერც პოლიტიკური განცხადებები გექნებათ. თქვენ ახლა გახსენით პანდორას ყუთი, მიეცით საშუალება უმრავლესობას, რომ სხვა დროს, სამშაბათს, არ გაიაროს რეგისტრაცია - დარჩებით თქვენი პოლიტიკური განცხადებებისა და მედიაში აწეული სათაურების გარეშე. ასე რომ, თუ პარლამენტში თქვენი პოლიტიკური საქმიანობის კულტურა ასე გესმით, რა თქმა უნდა, შეიძლება ამის საპასუხოდაც მიიღოთ ასეთივე დამოკიდებულება. უპირველეს ყოვლისა, რეგისტრაციის არ გავლით უმრავლესობას არც არაფერი ემატება და არც აკლდება. ამით თქვენ ამომრჩეველს აყენებთ ცუდ მდგომარეობაში, სამშაბათის დღეს უმრავლესობამაც იმავე მეთოდით რომ გიპასუხოთ, დაგტოვოთ პოლიტიკური განცხადებების გარეშე და სხდომა დავიწყოთ ოთხშაბათს-ხოლმე“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის არქონის გამო ვერ იხსნებოდა. რეგისტრაცია პარლამენტის წევრებმა ორჯერ გაიარეს. პირველ ჯერზე 71, ხოლო განმეორებით რეგისტრაციაზე 73 დეპუტატი დაფიქსირდა.