კობახიძის განცხადება იყო თავიდანვე ბოდვა, რაც დაადასტურა მისივე გუნდის წევრმა, ლილუაშვილმა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თემურ ჯანაშიამ განაცხადა, რითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „სამართლებრივ სივრცეში მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, [პრემიერის, ირაკლი კობახიძის] განცხადებაში არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს“.
ჯანაშიას თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება იყო უპასუხისმგებლო და ასეთი განცხადება ვერ იქნებოდა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი.
„კობახიძის განცხადება, თითქოს და ვარჰეი დაემუქრა ლიკვიდაციით, ეს, რა თქმა უნდა, იყო თავიდანვე ბოდვა, რაც იყო ძალიან არასერიოზული განცხადება და იგივე დაადასტურა სუს-ის ხელმძღვანელმა, მისივე გუნდის წევრმა. შესაბამისად, ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებაზე ვერ იქნებოდა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი“, - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.