პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ესტონეთის პარლამენტში მიღებულ განცხადებასა და შესაძლო სანქციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება არჩეულია ქართველი ხალხის მიერ, რომ ქართველი ხალხის ინტერესები გაატაროს.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპული ღირებულებების დარღვევით, უცხო ქვეყანაში, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ აქციაზე დადგა, გასაკვირი აღარაფერია.
„მიუხედავად იმისა, თუ როგორ ანტიქართულად იქცევა სხვადასხვა პოლიტიკოსი, ჩვენი დამოკიდებულება ესტონელი ხალხის მიმართ არ იცვლება. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, მთავარია ხალხებს შორის ურთიერთობა იყოს სწორი, ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ.
საქართველოს ხელისუფლება არჩეულია ქართველ ხალხის მიერ, რომ ქართველი ხალხის ინტერესები გაატაროს. როდესაც საკითხი დგას ქართველი ხალხის, თუ სხვათა ინტერესები, ჩვენ ვირჩევთ ქართველი ხალხის ინტერესებს. ოპოზიციამ გვაჩვენა, რომ ისინი პატრონყმული დამოკიდებულების მომხრეები არიან, როგორც ეტყვიან ბატონები ისე უნდა მოიქცნენ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ესტონეთის პარლამენტმა განცხადება მიიღო, სადაც საუბარია ბიძინა ივანიშვილის, მთავრობის წევრების, პარლამენტის ლიდერების და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ჯგუფის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასა და მათ შორის ევროკავშირში შესვლის აკრძალვაზე, მიზეზი კი „აგენტების კანონის“ გარშემო განვითარებული მოვლენებია.