სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი ხელოვნურად ნაყარი გეოლოგიურად არასტაბილური გრუნტის ქვეშ მდებარეობს, რაც სამუშაოების წარმოებას საკმაოდ ართულებს და შესაძლოა გამოიწვიოს სამუშაო პროცესის გახანგრძლივება.
„იმისთვის, რომ მოსახლეობას ეტაპობრივად მივაწოდოთ სასმელი წყალი, კომპანია ალტერნატიული გზებით რეზერვუარების შევსების გეგმაზე მუშაობს.
ადგილზე მიმდინარე სამუშაო პროცესებისა და წყალმომარაგების აღდგენის შესახებ მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, ინფორმაცია ოპერატიულად გავრცელდება კომპანიის ვებგვერდით, სოციალური ქსელებითა და სხვადასხვა ინტერნეტ სააგენტოებით.
აღნიშნულ პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის. კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.