საქართველოში 2023 წელს 24 ქალი მოკლეს, მკვლელობის მცდელობა კიდევ უფრო მეტი იყო, კერძოდ, მკვლელობის მცდელობის 27 შემთხვევას ჰქონდა ადგილი. გამოდის, რომ კვირაში ერთხელ, ერთ ქალს ან კლავენ, ან ასახიჩრებენ, რაც ძალიან სავალალო სტატისტიკაა,- ამის შესახებ სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ,,ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ოჯახურ ძალადობაზე დაკავებული ადამიანების მხრიდან დანაშაულის განმეორებით ჩადენის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, ამიტომ, ციხეებში ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდა და ეფექტური მუშაობა აუცილებელია.
,,ოჯახურ ძალადობაზე დაკავებული ადამიანების მხრიდან დანაშაულის განმეორებით ჩადენის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ადამიანებს, რომელთაც ოჯახურ დანაშაულზე აკავებენ, ციხიდან გამოსვლისას გააზრებული არ აქვთ, თუ რის გამო დააკავეს და კიდევ უფრო მძიმე დანაშაულს სჩადიან. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ის ერთი თუ ორი წელი, როცა პენიტენციურ დაწესებულებაში არიან, მათთან სახელმწიფომ იმუშაოს, რათა გარეთ გამოსასვლელად მოამზადონ. ამიტომ, ციხეებში ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდა და ეფექტური მუშაობა აუცილებელია.
მთავარია დანაშაულის პრევენცია და მისი მექანიზმის ეფექტურად ამუშავება. ის, რომ ოჯახურ ძალადობის ფაქტზე საგამოძიებო უწყებებს გაცილებით მეტი ქალი მიმართავს, ვიდრე ეს წინა წლებში ხდებოდა, კარგია. ამის გამოც არის გამოვლენის მაჩვენებელი მაღალი, მაგრამ საბოლოო ჯამში, როცა საქმე მკვლელობამდე მიდის, მოტივები უფრო ღრმაა. ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აუცილებელია პრევენციული ნაბიჯების გადადგმა და განსაკუთრებული ძალისხმევა, რათა ადამიანი იმ გადაწყვეტილებამდე არ მივიდეს, რომ თავისი ემოციური ფონის გამო ვიღაცის სიცოცხლე შეიწიროს. ამაზე მუშაობა ყველა საგანმანათლებლო დონეზე უნდა ხდებოდეს, სკოლიდან დაწყებული, უმაღლესი სასწავლებლებით და დასაქმების ადგილებით დასრულებული",- განაცხადა იოსელიანმა.