ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

GWP-ის წარმომადგენლის თქმით, დაზიანების აღმოფხვრამდე, მომხმარებლები წყალს გრაფიკით მიიღებენ

თბილისის წყალმომარაგების კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) წარმომადგენელი, გიგა ნადირაძე აცხადებს, რომ პარალელურად, სამ სხვადასხვა ვერსიაზე მიდიოდა მუშაობა და ამის შემდეგ ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც მეწყრული პროცესის შედეგად წარმოშობილი გრუნტის მოხსნას ითვალისწინებს, გაგრძელდება მუშაობა.

მისივე თქმით, როცა დაიწყება სამუშაოების წარმოება, უფრო ნათელი იქნება სურათი, რამდენ დღესთან იქნება დაკავშირებული წყალმომარაგების აღდგენა.

„განვიხილავდით, რომ მილის აღდგენა მომხდარიყო უშუალოდ შიგნიდან, ექსკავაციის გარეშე, რაც აღმოჩნდა, რომ შეუძლებელი იყო დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე. ამის პარალელურად, სამ სხვადასხვა ვერსიაზე ვმუშაობდით. მოვისაზრებდით პარალელური მილსადენების მოწყობას, გარდა ამისა, ვმუშაობდით მეწყრული პროცესის შედეგად წარმოშობილი გრუნტის მასის მოხსნაზე, რათა უსაფრთხოდ ყოფილიყო შესაძლებელი სამუშაოების წარმოება. ამ ორი ვერსიიდან პარალელურ რეჟიმში ქსელის მოწყობა გაცილებით მეტ დროსთან იყო დაკავშირებული. ამიტომ, მივდივართ იმ გზით, რომ მოხდება გრუნტის მოხსნა, გაკეთდება შესაბამისი ტერასები, რაც ერთი მხრივ, დროულად მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დაზიანებული მონაკვეთი აღვადგინოთ და მეორე მხრივ გამორიცხავს სამომავლო რისკებს. უკვე დაწყებული აქვს კონტრაქტორს მობილიზაციის სამუშაოები და უახლოეს მომავალში დაიწყება გრუნტის მოხსნის სამუშაოები. არ იქნება ხანგრძლივი პერიოდი, თუმცა მას შემდეგ, რაც დაიწყება სამუშაოების წარმოება, უფრო ნათელი იქნება სურათი, რამდენ დღესთან იქნება დაკავშირებული.

ამასთან, ის დეფიციტი, რომელიც წარმოშვა დაზიანებული მონაკვეთიდან და წყალსადენის მილიდან წყლის მიმწოდებელმა, უკვე დავაბალანსეთ. ხვალ დილიდან უკვე ჩაირთვება რეჟიმი ამ მომხარებლებთან მიმართებაში, რომელიც ითვალისწინებს, სულ მცირე, სამსაათიან მიწოდებას დღის განმავლობაში და მაქსიმუმ შვიდსაათიანს. სამუშაოები დაიწყება ხვალვე და დასრულდება მაქსიმალურად მოკლე ვადაში. მაქსიმალურად რაციონალურად გამოვიყენოთ წყალი, არანაირი საფრთხე არ არსებობს დამატებითი რისკების და იმის, რომ ვინმეზე დამატებითი შეზღუდვა გავრცელდეს. თითოეული დაზოგილი წვეთი, ჩათვალეთ ალოკაციას ვახდენთ და მიმართულია იმ მომხმარებლებისკენ, რომლებსაც დაზიანებიდან გამომდინარე შეეხოთ წყვეტა“, – განაცხადა ნადირაძემ.

მცხეთაში, სოფელ წიწამურთან, GWP-ის მაგისტრალური წყალსადენი 16 ივნისს დაზიანდა, რის გამოც წყლის მიწოდება თბილისისა და მცხეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეუწყდა.