საქართველოს ხელისუფლებამ კრიმინალური ავანტიურიდან გაკვეთილი ისწავლა და მიზნად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი გზით „დაბრუნებას“ ისახავენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვა ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებას ეხებოდა.
როგორც რუსი მაღალჩინოსანი განმარტავს, ამ განცხადებებზე „სოხუმისა და ცხინვალის რეაქცია თავისთავად მეტყველებს“.
„აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა სუვერენული არჩევანი ჯერ კიდევ 2008 წელს გააკეთეს, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა ერთი რესპუბლიკის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება ძალის გამოყენებით სცადა და მეორეს მსგავსი ქმედებებით დაემუქრა. როგორც ჩვენ გვესმის, საქართველოს ხელისუფლებამ ამ კრიმინალური ავანტიურიდან გაკვეთილი ისწავლა და მიზნად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი გზით „დაბრუნებას“ ისახავენ. უპირველეს ყოვლისა, საუბარია ქართულ „რეინტეგრაციის“ პროგრამებსა და ინიციატივებზე, რომელთაგან მთავარია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. აფხაზებმა და ოსებმა მათი სუვერენული სტატუსის „შელახვის“ და საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მოქცევის მცდელობის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არაერთხელ გამოხატეს და აღნიშნეს, რომ ერთადერთი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის აღიარება იქნება“, - განაცხადა მიხაილ გალუზინმა.