პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე პარტნიორების მხრიდან მოსაზრებები იქნება და შეთანხმებიან, ვეტოს მექანიზმის გამოყენებით კანონში შეჯერებულ პოზიციებს ასახავენ.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც კანონპროექტი დაინიცირდა, მთავრობას დახვდა ყრუ კედელი, როგორც შიგნით, ოპოზიციის მხრიდან, ასევე, ამაში განსაკუთრებით ცუდი როლი ითამაშეს უცხოელმა აქტორებმა.
„ოპოზიცია პირდაპირ წააქეზეს დისკუსიის დაბლოკვისკენ. ჩვენ პარლამენტშიც ყოველ ჯერზე ვთხოვდით ოპოზიციას და ასევე, უცხოელ აქტორებს, შემოსულიყვნენ საგნობრივ დისკუსიაში. პრემიერ-მინისტრმა შესთავაზა ელჩებსაც, რომლებიც აკეთებენ ტრაფარეტულ განცხადებებს, თითქოს რაღაც ღირებულებას ეწინააღმდეგება [კანონპროექტი]. მათ ვეუბნებით, ნუ ეფარებიან სლოგანებს და ტრაფარეტებს, არამედ გვითხრან არგუმენტებად, რა არის პრობლემური, რას ფიქრობენ, რომ შესაცვლელია და აქ სრული დუმილია - ეს პროცესი იყო ბოლო რამდენიმე კვირა. მაგრამ ბოლო შეხვედრების შემდეგ გაგვიჩნდა იმედი, რომ არის სურვილი და მზაობა, რომ შინაარსობრივად დაელაპარაკონ ქართველ ხალხს - თუ რამეში ხედავენ პრობლემას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რა პრობლემას ხედავენ და რა შეიძლება, რომ სხვანაირად იყოს ფორმულირებული. ამიტომ, როდესაც ევროკომისრის წარმომადგენლებთან საუბარი გვქონდა, ვთქვით, რომ მესამე მოსმენა რედაქციული ხასიათისაა, პარლამენტი განიხილავს და მიიღებს. თუ ისინი ახლა გამოთქვამენ მზაობას და როგორც იქნა, დაგვთანხმდებიან, რომ საგნობრივად იმსჯელონ ჩვენთან ერთად, წარმოადგინონ, რა მოსაზრებები აქვთ და თუ ამ მოსაზრებებზე შევჯერდებით, არსებობს ვეტოს მექანიზმი, რომელიც ქალბატონმა სალომემ [ზურაბიშვილი] უკვე დააანონსა. ბოლო რამდენიმე კვირაა ვამბობთ, რომ მზად ვართ, შინაარსობრივ დისკუსიაში შევიდეთ და არავინ შემოდის. სულ 6-გვერდიანია კანონი და არ შეიძლება ამხელა აყალმაყალის ატეხა. შეუძლიათ, თუ რამე წინადადება აქვთ, შემოგვთავაზონ და თუ ამაზე შევჯერდებით, მაშინ ვეტოს მექანიზმის გამოყენებით შესაძლებელია, ამ შეჯერებული პოზიციის ასახვა კანონში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.