ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ესტონეთის ელჩი: საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს

ჩვენი გზავნილი იყო ძალიან მკაფიო, თუ ეს კანონი მიიღება, ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ჩვეულ საქმიანობას საქართველოსთან, რადგან ეს არის ნაბიჯი, რომელიც შეგნებულად გადაიდგა იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რისი გაკეთებაც ჩვენ გირჩიეთ, - ამის შესახებ ესტონეთის ელჩმა საქართველოში, რიინა კალიურანდმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ,,აგენტების კანონზე" საუბრისას განაცხადა.

ელჩის თქმით, არის სხვა კანონებიც, რომლებიც ასევე საკამათოა და ევროკავშირის ღირებულების სისტემას ეწინააღმდეგება.

კალიურანდი ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველო შესაძლოა, ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში ძალიან დიდხანს დარჩეს.

,,ევროკავშირი შეშფოთებულია ამ კანონით და მე შემიძლია მხოლოდ დავადასტურო, რომ ეს ნამდვილად არის დაბრკოლება საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე. რატომ არის ასე? უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ, როდესაც ეს კანონი პარლამენტში გამოჩნდა ერთი წლის წინ, ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ამ კანონს შედეგები მოჰყვებოდა, რადგან ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს, ჩვენს ღირებულებებს და დემოკრატიულ საზოგადოებას, რადგან ის საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის დემონიზებასა და სტიგმატიზაციას ახდენს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ასევე გავაფრთხილეთ, რომ რეალურად როცა საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, არსებობს სხვა საშუალებები, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ. ერთი წლის წინ ეს კანონი უკან გაიწვიეს. სამწუხაროდ, დაპირების მიუხედავად, რომ მას უკან არ დააბრუნებდნენ, მათ ეს მაინც გააკეთეს. ჩვენი გზავნილი იყო ძალიან მკაფიო, თუ ეს კანონი მიიღება, ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ჩვეულ საქმიანობას საქართველოსთან, რადგან ეს არის ნაბიჯი, რომელიც შეგნებულად გადაიდგა იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რისი გაკეთებაც ჩვენ გირჩიეთ.

საქმე მხოლოდ ამ კანონს არ ეხება, არის სხვა კანონებიც, რომლებიც ასევე საკამათოა და ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულების სისტემას. საქართველო შესაძლოა, ძალიან დიდხანს დარჩეს ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში. ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. ჩვენ ყველა არგუმენტი მივაწოდეთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, თუნდაც მათ თქვან, რომ ლეგიტიმური არგუმენტები არ გაუგიათ. ვფიქრობ, ჩვენ ბევრი არგუმენტი მოვიყვანეთ. ჩვენ მათ ასევე მივეცით აღწერილობები იმის შესახებ, თუ როგორ ვექცევით ამ საკითხებს ჩვენ, სხვა საზოგადოებები. მაგალითად, ესტონეთში ასევე არის ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია. ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ფინანსდება სხვა ქვეყნებიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან. ჩვენ არ გვეშინია, რომ ისინი ძირს უთხრიან ჩვენს დემოკრატიას. სამოქალაქო საზოგადოების როლი არის კრიტიკული იყოს მთავრობისა და პარლამენტის საქმიანობის მიმართ და დააყენოს კრიტიკული საკითხები. თუ თქვენ ხართ კონსოლიდირებული და ძლიერი დემოკრატია და ხართ სამართლიანად არჩეული მთავრობა და პარლამენტი, თქვენ არ უნდა ინერვიულოთ იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოება რამენაირად შელახავს თქვენს ლეგიტიმაციას. ორივე მხრიდან შეიძლება იყოს მკაცრი საუბარი, მაგრამ ეს სხვა საშუალებებით უნდა დაიძლიოს და არა რეპრესიული საშუალებებით",- აცხადებს ელჩი.

რიინა კალიურანდის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს.

,,სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთი მხრივ ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს. თქვენ არ შეგიძლიათ ხალხს დაჰპირდეთ ისეთ რამეს, რისი დაპირებაც თქვენზე არ არის დამოკიდებული, როგორიცაა გახდეთ ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის. ეს ჩვენზე, წევრ ქვეყნებზეა დამოკიდებული. ჩვენ ასევე გავიარეთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ასეთი კრიტერიუმები არასოდეს დაგვიყენებია ეჭვქვეშ. ვფიქრობ, ეს არის ის, რომ შესაძლოა ესტონეთი ცოტა უფრო მგრძნობიარე იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ახლა ვიცით, რომ მოთხოვნები ასპირანტი ქვეყნების მიმართ ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე არსებული წევრების მიმართ. ჩვენი კანონმდებლობა, შესაძლოა, ბევრად უფრო ნორმატიულიც არის. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ეს ჩვენთვის სასარგებლოა",- განაცხადა ელჩმა.