ესტონეთის ინტერესშია, რომ უკრაინამ მოიგოს ეს ომი, ამიტომ ჩვენ ნამდვილად ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას. ესტონეთი უკრაინის ნომერ პირველი მხარდამჭერია ერთ სულ მოსახლეზე, - ამის შესახებ ესტონეთის ელჩმა საქართველოში, რიინა კალიურანდმა რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინას ბევრად მეტი სჭირდება.
,,ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ, რომ 2027 წლამდე ყოველწლიურად ჩვენი მშპ-ს 0,25%-ს გამოვყოთ უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის. ჩვენ ასევე წამოვიწყეთ რამდენიმე ინიციატივა უკრაინის მხარდასაჭერად. ერთი წლის წინ ჩვენ შევთავაზეთ, რომ შეიქმნას ფონდი უკრაინისთვის 1 მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდებისთვის. კიდევ ერთი საკითხი ეხება რუსული გაყინული აქტივების გამოყენებას. ესტონეთის პარლამენტმა პირველმა მიიღო ევროკავშირში კანონი, რომელიც საშუალებას მოგვცემდა გამოვიყენოთ რუსეთის გაყინული აქტივები. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ვფიქრობ, ყველა ევროპული ქვეყანა აკეთებს იმას, რაც შეუძლია. ეს კლიშედ ჟღერს, მაგრამ მართლაც, დემოკრატიები ნელია. უკრაინას ბევრად მეტი სჭირდება. ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ სასწორზე ბევრად მეტია. ასე რომ, ეს დახმარება მოვა, თუნდაც დაგვიანებით. რაც შეეხება გადაღლას, ეს ნორმალურია. თქვენ არ შეგიძლიათ სამუდამოდ შეინარჩუნოთ ადრენალინი ან შიში, რადგან ერთ დღეს ეს ნორმად იქცევა. თქვენ მას ყოველდღიურობის ნაწილად იღებთ.
სწორედ ამიტომ, ჩვენ ასევე ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ უკრაინა ყველა დღის წესრიგში იყოს. ჩვენ უნდა შევახსენოთ ხალხს, რომ ომი ჯერ არ დასრულებულა. ხალხი ყოველდღე იტანჯება; ყოველდღე კლავენ ადამიანებს. ვფიქრობ, ეს არის გზავნილი, რომელიც ჩვენთვის შესაძლოა უფრო ადვილი გასაგები იყოს, ვინ ესაზღვრება რუსეთს. ასევე, საქართველოსთვის ეს გასაგები უნდა იყოს. თქვენ შეასრულეთ თქვენი ნაწილი. თქვენ გქონდათ თქვენი ომი. მსგავსი რამ აღარ უნდა მოხდეს საქართველოში ან სადმე, ამიტომაც ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ომი არსად არ უნდა ხდებოდეს",- განაცხადა ელჩმა.