ღრმა მწუხარებით უნდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, ახლა რთულ პერიოდს გავდივართ ჩვენს ურთიერთობებში - არაერთხელ გვითქვამს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი აისახება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, სამწუხაროდ ეს ასეც მოხდა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, შემდეგ კვირას ევროკავშირი კანონის შედეგებს განიხილავს.
„თავდაპირველად ეს დისკუსია საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება, რამდენიმე დღის შემდეგ კი, ლიდერების დონეზე. პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები იმსჯელებენ და გადაწყვეტენ რა საპასუხო ზომებს მივიღებთ, საქართველოში მიმდინარე პროცესების კონტექსტში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნეგატიურად აისახა საქართველოს წინსვლის პერსპექტივებზე. ჩემი აზრით, ამ კანონის მიღებამ გაყინა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. როგორც იცით, ევროკავშირში ინტეგრაცია მოითხოვს ერთსულოვნებას. არაერთმა წევრმა ქვეყანამ საჯაროდ განაცხადა, რომ ისინი შეეწინააღმდეგებიან საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის დაწყებას თუ ეს კანონი ამოქმედდება. ეს კანონი ამოქმედდა, შედეგები კი, მომავალ კვირას იქნება ცნობილი“, - აღნიშნა ჰერჩინსკიმ.