ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჭიაბერაშვილი: ევროკავშირი რთული არჩევანის წინაშე დგას, ერთი მხრივ, უნდა უპასუხოს „ოცნების“ მავნებლურ პოლიტიკას, მეორე მხრივ, შეუნარჩუნოს ევროპული პერსპექტივა ქართველ ხალხს

ევროკავშირის ელჩის განცხადება ასახავს სამწუხარო რეალობას, რომელიც დადგა საქართველოში „ქართული ოცნების“, ამ რუსული კოშმარის მიზანმიმართული მავნებლური პოლიტიკის შედეგად, რომ საქართველო მოწყდეს ევროკავშირს და დასავლური განვითარების ვექტორს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც „ქართულ ოცნებას“ კოალიციური მთავრობა ჩაანაცვლებს, საქართველოს ევროკავშირის გზაზე პროგრესი დაუყოვნებლივ მოხდება.

„სამწუხაროდ, ის რაც ევროკავშირი ელჩმა განაცხადა, ასახავს სამწუხარო რეალობას, რომელიც დადგა საქართველოში „ქართული ოცნების“, ამ რუსული კოშმარის მიზანმიმართული მავნებლური პოლიტიკის შედეგად, რომ საქართველო მოწყდეს ევროკავშირს და დასავლური განვითარების ვექტორს. ამაზე პირველ რიგში პასუხი უნდა ჩვენგან და ამას არ უშველის რუსული კანონის წაღება. ამას უშველის 26 ოქტომბერს ძალადობრივი რუსული რეჟიმის ჩამოცილება ხელისუფლებიდან. რაც შეეხება ევროკავშირს, ძალიან რთული არჩევანის წინაშე დგას, მან ისე უნდა განსაზღვროს თავისი პოლიტიკა, რომ ერთი მხრივ, არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში უნდა უპასუხოს „ქართული ოცნების“ ძალიან დამაზიანებელ და მავნებლურ პოლიტიკას და მეორე მხრივ, შეუნარჩუნოს ევროპული განვითარების პერსპექტივა ქართველ ხალხს. დარწმუნებული ვარ, როდესაც ამ ძალადობრივ რეჟიმს ჩავანაცვლებთ კოალიციური მთავრობით, დაუყოვნებლივ მოხდება პროგრესი ევროკავშირის გზაზე, ამიტომ ევროკავშირის პოლიტიკა იქნება ისეთი, რომ უპასუხოს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ შეინარჩუნოს ქართველი ხალხს ევროპული პერსპექტივა“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ მომდევნო კვირაში გამოჩნდება, „აგენტების კანონის“ საპასუხოდ, რა ზომები იქნება მიღებული მოლაპარაკებების გახსნის ჭრილში.