კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლების თქმით, მაგისტრალურ მილსადენზე არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად საჭირო სამუშაოები გეგმის მიხედვით გრძელდება და პრობლემა 5 დღეში სრულად მოგვარდება.
მათივე ინფორმაციით, ინჟინრები უკვე ჩავიდნენ დაზიანებულ მილსადენამდე, პარალელურად გრძელდება ჩამოწოლილი გრუნტის მასის მოცილება.
„ამ წუთის მდგომარეობით, მილსადენამდე დასული ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ხდება მილის გათავისუფლება ზედმეტი გრუნტის ნაყარისგან. მოხდება დაზიანებული მონაკვეთის ჩაჭრა. ჩვენ ასევე დაგეგმილი გვაქვს დაზიანებული მონაკვეთის, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მხარეს მილსადენის დათვალიერება შიგნიდან და სპეციალური აღჭურვილობით სკანერის გაკეთება, რათა დადგინდეს ცალკეულ ნაკერში მილსადენს ხომ არ აქვს რაიმე პრობლემა“,- ამბობენ კომპანიაში.
16 ივნისს კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომ სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.
თბილისის ნაწილი უკვე 5 დღეა უწყლოდაა. მოქმედებს გრაფიკი, რომლითაც რამდენიმე უბანს წყალი მხოლოდ სამი საათით მიეწოდება. ზოგიერთ რაიონში კი წყალს სპეციალური რეზერვუარებით არიგებენ. წყალი შეწყვეტილია მცხეთასა და მიმდებარე სოფლებშიც.