ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმა გაფიცვა დააანონსა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი 13 მაისისთვის გაფიცვას ანონსებს. ისინი სოციალურ ქსელში წერენ, რომ ხვალ აუდიტორიებში არ გამოცხადდებიან. ამ ფორმით ახალგაზრდები დედაქალაქში გაფიცულ სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ ავრცელებს.

„ჩვენ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვირჩევთ ილიას გზას და დღეიდან, 2024 წლის 12 მაისიდან ვემიჯნებით სასწავლო პროცესს იქამდე, ვიდრე ჩვენი გაფიცვა არ გამოიღებს შედეგს, სანამ ეს ქვეყანა არ დაუბრუნდება ევროპულ გეზს და უარს იტყვის რუსული კანონის ამოქმედებაზე“, - წერია სტუდენტების მიერ გავრცელებულ საგაფიცვო ტექსტში.

სტუდენტებმა ხელმოწერების შეგროვება ონლაინ რეჟიმში უკვე დაიწყეს. ახალგაზრდების გაფიცვის გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა ბსუ-ს პროფესორი. მალხაზ ნაკაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის მხარს უჭერს და სოლიდარობას უცხადებს სტუდენტებს.

„მე, როგორც ბსუ-ს პროფესორი, ბსუ-ში ევროკავშირის მხარდაჭერით, პირველი ჟან მონეს კათედრის დამფუძნებელი, ჟან მონეს მოდულის კოორდინატორი, ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტის (ფლორენცია) ჟან მონეს მიწვეული მკვლევარი, ბსუ-ს საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ვაცხადებ, რომ მხარს ვუჭერ ახალგაზრდების განცხადებას სასწავლო პროცესის შეწყვეტისა და გაფიცვის კონსტიტუციური უფლების განხორციელების შესახებ.

ძალიან სამწუხაროა, რომ ხალხი, ვინც წინა წლებში აპროტესტებდნენ მთავრობის ქმედებებს, დღეს სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფნი, არ გამოხატავენ პოზიციას მთავრობის ძალადობის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, ისინი აქტიურად აზიარებენ პროპაგანდისტულ ინფორმაციას და მხარს უჭერენ ამ პოლიტიკას.

რა ტყუილებიც არ უნდა გაავრცელოთ ჩემს წინააღმდეგ, ეს არ მოახდენს გავლენას ჩემს პოზიციაზე. საქართველოს მთავრობა არის გასული კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მოქმედებს კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ და ჩვენ, მოქალაქეებს გვაქვს უფლება და ვალდებულება, გავაპროტესტოთ ეს პოლიტიკა. მოვუწოდებ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და პროფესორ-მასწავლებლებს დადგნენ ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად," - წერს მალხაზ ნაკაშიძე.

ავტორი: სულხან მესხიძე